თსუ-ში მონოგრაფიის: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონა, ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა მონოგრაფიის მნიშვნელობასა და მისი შექმნის პროცესზე: „ეს არის ერთობლივი შრომის შედეგი, რომელიც რამდენიმე დარგის მეცნიერების მონაწილეობით შეიქმნა და წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხებზე. იგი აუცილებლად უნდა იყოს მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებში.“
მონოგრაფია ინტერდისციპლინურია და მოიცავს გეოგრაფიას, ისტორიას, არქიტექტურას, ეპიგრაფიკას, გეოდეზიას და სამართლებრივ დოკუმენტებს. პრეზენტაციაზე ავტორებმა ისაუბრეს გამოწვევებსა და მიღწევებზე, რომლებიც ნაშრომის შექმნას თან ახლდა.
ნაშრომი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მოიცავს გეოგრაფიულ, ისტორიულ, კარტოგრაფიულ და სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და სასაზღვრო ზონას უკავშირდება.