საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გლობალიზაცია - იდენტობა - ლიტერატურა

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციისა (GCLA) და ა(ა)იპ ინტელექტუალური მიგრაციის ინსტიტუტის ორგანიზებით (IMI) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: გლობალიზაცია - იდენტობა - ლიტერატურა.
 

ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
ჩატარების თარიღი:  9-10 დეკემბერი, 2021 წ.
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის #DI-18-965 ფარგლებში.

კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

მოხსენებების თემატიკა:

კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია:
1.თანამედროვე მიგრაციები და იდენტობათა  გამოწვევები;
2. გლობალიზაცია, მიგრაცია და ლიტერატურა;
3.ახალი „Weltliteratur“  და თანამედროვე სოციოკულტურული გამოწვევები;
4.მიგრაციის სოციოეკონომიკური ასპექტები

კონფერენციის მიზანი:
დღევანდელი გლობალურობა, საზღვრების ღიაობა, მიგრაციების დროს კულტურათა შეხვედრებისა და გადაკვეთის ფაქტები, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო გამოკვეთს მწერლობისა და იდენტობის „ურთიერთთანამშრომლობის“ ფაქტს.

გლობალიზაციის, მზარდი მიგრაციების დროს იდენტობები ექვემდებარება ცვლადი გარემოს აქტუალურ მოთხოვნებს, არასტაბილურობის გამო უკავშირდება ყოფით პრობლემებს - მიმდინარეობს იდენტობათა და ფასეულობათა სოციალიზაცია.

ყოველივე ამასთან დაკავშირებული ფსიქოსოციალური პრობლემები ცვლის ლიტერატურის თვისობრიობას. თანამედროვე კვლევები მოწმობს: დღეს გოეთეს „Weltliteratur“-ის ცნება გაფართოვდა.  მწერლობამ გადალახა ნაციონალური მოდელები,  შექმნა გეოგრაფიული და თვისობრივი (მენტალური, თემატური და ენობრივი პრაქტიკები) თვალსაზრისით შეცვლილი ლიტერატურული სივრცე. მიგრაციებმა  ახალი „Weltliteratur“-ის უმთავრეს მახასიათებლად აქცია კულტურათაშორისი ანუ „მესამე სივრცე“ (Third Space). უპირველესად აღსანიშნია, რომ ძალიან ბევრი ტექსტი იქმნება საზღვარგარეთ, აგრეთვე მიგრაციის თემებზე, ან ავტორს აქვს მიგრაციული ბიოგრაფია, ან ტექსტში ასახულია უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება: როცა ავტორს არა აქვს თავისი გამოცდილება, მაგრამ წერს  სხვათა გადმოცემისა და დოკუმენტაციის საფუძველზე.

გლობალიზაციას, მიგრაციებს მწერლობაში შეაქვს თავისი თემატიკა: იდენტობათა არასტაბილურობა და სოციალიზაცია, კულტურული და კომუნიკაციური  მეხსიერებების აქტიური კონტექსტები, იმაგოლოგიური ხედვები, ქალის ფაქტორი (ფაქტია, რომ  „მოძრაობის“ მწერლობის ავტორთა  და პერსონაჟთა უმეტესობა ქალია) და სხვა.

პიროვნულ იდენტობათა ფორმირებისა თუ თვითიდენტიფიკაციის მრავალფეროვანი პარადიგმები გვთავაზობს თანამედროვე სამყაროს აღქმის ალტერნატიულ მოდელებს, იქნება ეს   განათლება, პროფესიის არჩევა, საკუთარი შესაძლებლობების ძიება, სიყვარული თუ სხვა. მასში ჩანს მიგრაციის ის მიზეზები, რომლებიც სამშობლოში პიროვნული იდენტობის კრიზისს (ნეგატიურ ემოციები,  პერსპექტივათა ამაო ძიება)  ასახავს და რომელთა გამოც მიგრირება საუკეთესო გამოსავლად ჩაითვალა.

მიმართულებები:
მიგრაციის კვლევები, ლიტერატურა, კულტურის კვლევები, გენდერის კვლევები,  ფოლკლორი, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტები, ადამიანის უფლებები, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.

სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები მიიღება 2021 წლის  21 ნოემბრამდე  შემდეგ მისამართზე: migrationconference2021@tsu.ge

განაცხადის ფორმა:
კონფერენციის მონაწილის სახელი და გვარი;
აკადემიური თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, ორგანიზაცია;
მოხსენების სათაური;
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები).
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს,  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ  2021 წლის 25  ნოემბერს.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება ელექტრონულად.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
გიორგი შარვაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
ნანა გაფრინდაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
ალექსანდრე კარტოზია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი;
ირმა რატიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი;
კონსტანცე იუნგბლუტი, ვიადრინას ვეროპის უნივერსიტეტი, პროფესორი (გერმანია)
ჰარალდ ვაიდტი, ვიადრინას ვეროპის უნივერსიტეტი, პროფესორი (გერმანია)
ელკე შტურმ-ტრიგონაკისი, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, პროფესორი (საბერძნეთი)
მუთლუ ერი, ანკარას ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი, თურქეთი, ასისტეტ-პროფესორი (თურქეთი)
ნათელა ჩიტაური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ფილოლოგიის დოქტორი;
ნინო პოპიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი;
შორენა შამანაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის 1.
საკონტაქტო პირი: ნინო პოპიაშვილი
ელ.ფოსტა: migrationconference2021@tsu.ge

თარიღი: 15/11/2021