საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარემოს გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე - შემაჯამებელი კონფერენცია

2025 წლის დასაწყისში  UNICEF-ის საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიზანს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან აკადემიური გუნდის შერჩევა წარმოადგენდა. სპეციალისტთა ჯგუფის მოვალეობას წარმოადგენდა ბავშვთა ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ელექტრონული სასწავლო მოდულების ქართულ ენაზე თარგმნა, ადაპტირება და ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსება, რათა დაინტერესებული მკითხველებისთვის ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხების შესწავლა ხელმისაწვდომი ყოფილიყო მშობლიურ ენაზე.

 

პროექტის მიზანი იყო ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგიონული სამსახურების წარმომადგენელთა სწავლება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა კლიმატის, ჰაერის, წყლის, მძიმე მეტალების, პლასტმასის ნარჩენების, ელექტრონული ნარჩენების და სხვ. გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე. კონკურსში თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის აკადემიურმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც მუშაობას 2025 წლის გაზაფხულზე შეუდგა. მიუხედავად დროის სიმცირისა, სპეციალისტთა ჯგუფმა პროექტის მოთხოვნებს თავი შესანიშნავად გაართვა და 2025 წლის შემოდგომაზე მუშაობა დაასრულა. გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმოს ელექტრონულ რესურსებზე დაყრდნობით ქართულ ენაზე მომზადდა ყველა ის მოდული, რომელსაც პროექტი ითვალისწინებდა. კერძოდ: ჰაერის დაბინძურება/შენობისშიდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მასალა მოამზადა პროფ.ნინო ჩიხლაძემ, გლობალური დათბობასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები მოამზადა ასოცირ.პროფ.ლაშა ლორიამ, ელექტრონული ნარჩენების გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე - მასალები მოამზადა პროფ.ნატა ყაზახაშვილმა, მძიმე მეტალების შესახებ სასწავლო მასალა მოამზადა მედიცინის დოქტორმა, მოწვეულმა პედაგოგმა ეკატერინე რუაძემ, პლასტიკატის (პლასტმასის) ნარჩენების საკითხებზე იმუშავა ასოც.პროფესორმა ნატო ფიცხელაურამა, არაუსაფრთხო (სახიფათო) სამედიცინო მომსახურების თემაზე მასალები მოამზადა ასოცირ.პროფ.-მა მაკა ჯორბენაძემ. წყალთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ სასწავლო მოდული მოამზადა ასოცირებულმა პროფესორმა ქეთი დადიანმა. სასწავლო მოდულების ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსება უზრუნველყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა გიორგი სტურუამ. პროექტის განხორციელების პროცესს, დავალებების დროულად შესრულებას და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ზედამხედველობას უწევდა პროფესორი პაატა იმნაძე.

 

პროექტის მასალებზე დაყრდნობით მომზადდა ახალი სასწავლო საგნის სილაბუსი „გარემოს გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე“,  რომელიც წარდგენილ იქნა მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ საბჭოზე დასამტკიცებლად.

 

პროექტის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. პროექტს ფარგლებში გაწეულ მუშაობას მაღალი შეფასება მიეცა, დამსწრე საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან განსაკუთრებული მადლიერება იქნა გამოხატული UNICEF-ის საქართველოს ოფისის გუნდის მიმართ აღნიშნული პროექტის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის, ასევე, აღინიშნა პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალის ეფექტიანი მუშაობა, რომელმაც დროის მოკლე მონაკვეთში დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა.

თარიღი: 01/12/2025