თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, რომელსაც გეოგრაფიულ ატლასებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია, მომზადდა კიდევ ერთი საინტერესო ნაშრომი „კახეთის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი“ (214 გვ.). მასში წარმოდგენილია: მდებარეობა, ისტორია, ბუნება, ტერიტორიული მოწყობა, ბუნებრივი პირობები და რესურსები, მოსახლეობა, ეკონომიკა, განათლება და კულტურა, ტურიზმი. ატლასში რუკებთან ერთად არის ტექსტები, დიაგრამები, გრაფიკები და ფოტოსურათები. ატლასს ახლავს ბიბლიოგრაფიის ვრცელი სია.
ატლასის კონცეფციის ავტორია გეოგრაფიის დოქტორი, გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გულიკო ლიპარტელიანი. მასალების მომზადებასა და რუკების შედგენაში კი ავტორთა მრავალრიცხოვანი კოლექტივი იყო ჩართული.
გეოგრაფიის ინსტიტუტში 2018 წელს დამუშავდა რეგიონული კარტოგრაფირების კონცეფცია და მეთოდოლოგია. იგი ითვალისწინებს საქართველოს 12 რეგიონისთვის კომპლექსური ატლასების შედგენას სერიის სახით - ,,საქართველოს რეგიონული ატლასები.“ მათი შედგენა და გამოსაცემად მომზადება მოხდება ეტაპობრივად. კახეთის რეგიონის გეოგრაფიული ატლასი ამ სერიის პირველი ტომია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბაში ჯერ-ჯერობით ატლასის მხოლოდ საავტორო ეგზემპლარები დაიბეჭდა.