საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სამეცნიერო პლატფორმა ქართველი მეცნიერებისთვის

ქართველი მეცნიერების საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე პოპულარიზაციას და მათი სამეცნიერო ნაშრომების ხილვადობის გაზრდას ემსახურება ახალი სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც ერასმუს + მიერ დაფინანსებული პროექტის  HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში შეიქმნა. პორტალი საქართველოში აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას გააერთიანებს. პროექტს, რომელშიც 12 ქართული უნივერსიტეტია ჩართული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უძღვება. პლატფორმა დაეხმარება უნივერსიტეტებს გრანტებისა და პროექტების მენეჯმენტში, კვლევის შედეგების დისემინაციის თვლადი ინდიკატორების (პუბლიკაციები, პატენტები, კონფერენციები და ა.შ.) დამუშავებაში.
 

პროექტის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები ნინო ოკრიბელაშვილი და ნინო გვენეტაძე და პროექტში ჩართული მეცნიერები ესწრებოდნენ.

 

თსუ რექტორის განცხადებით, ქართველი მეცნიერებისთვის იქმნება ერთიანი ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. „სამეცნიერო პორტალი ხელს შეუწყობს ჩვენი უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ეკოსისტემის სინქრონიზაციასა და თავსებადობას ევროპულ სისტემათან, რითაც ჩვენი მეცნიერები მოიზიდავენ დაფინანსებას ევროპული წყაროებიდან და ჩაერთვებიან სხვადასხვა საგრანტო პროექტში. ამასთანავე, გაუმჯობესდება ქვეყნის შიგნით არსებული საგრანტო პროექტების შერჩევის მექანიზმები და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, დაემყარება ვალიდურ ინფორმაციას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
 

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, კვლევითი პლატფორმა ხელს შეუწყობს კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. „დარმწუნებულები ვართ, რომ ეს ღიაობა და მეცნიერების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ხილვადს გახდის ჩვენს მეცნიერებს, როგორც უცხოელი პარტნიორებისთვის, ისე ეროვნულ დონეზე, შესაბამისად, უკეთ იქნება გაზიარებული კვლევის შედეგები,რომელიც საქართველოს სამეცნიერო კვლევით სივრცეში სრულდება,“- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის ინფორმაციით, პროექტში ჩართულია სამი რეგიონალური და ცხრა თბილისში არსებული ქართული უნივერსიტეტი. ასევე პროექტის საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია) (DTU); კლერმონტ აუვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (UCA); კოტ დაზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (UCD).„პროექტში ჩართული უნივერსიტეტების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელია. ჩვენი მიზანი სამეცნიერო პორტალის შექმნასთან ერთად, მეცნიერების მართვაში ევროპელ პარტნიორებთან ცოდნის გაზიარება იყო. შედეგად, უნივერსიტეტების სამეცნიერო დეპარტამენტებს შორის, ახალი იდეებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა.  მეტიც,  2019 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტი ქართულ უნივერსიტეტებში სამეცნიერო დეპარტამენტებისა და სტრუქტურების გაძლიერების შესაძლებლობებს გვაძლევს,“- აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.
 

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა პროექტში ჩართულ თსუ მეცნიერებს მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი  გადასცეს. 
 

პროექტის  HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“   პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - EMIS); საქპატენტი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; კავკასიის უნივერსიტეტი; ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

 

თარიღი: 18/02/2022