საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში”

ივანე ჯავახიშვილის სხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთწლიან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში”, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს  2023 წლის 7 თებერვალის გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიენიჭა.


აღნიშნული პროგრამა, 2022 წლის 13 მაისის, სახელმწიფო უნივერსიტეტის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნა.


ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა ემსახურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის უმაღლესი აკადემიური ხარისხის მიღებას.


ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყება. პროგრამის კურსდამთავრებულს ბიზნესის ადმინისტრირების საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია (EMBA in Public Administration)  მიენიჭება. პროგრამის პირველი სემესტრი თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ დაეთმობა, ხოლო მეორე -საჯარო  ადმინისტრირების  ნაწილს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ დიპლომს - “ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის სამაგისტო პროგრამის” უმაღლესი აკადემიური ხარისხს და „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ უწყებრივ დიპლომს.


პროგრამის ხელმძღვანელებად დამტკიცდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი და პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი. პროგრამის განხორციელებისას ჩართულნი იქნებიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები, თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.
პროგრამის მიზანი: პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის საჯარო სამსახურისათვის სტრატეგიული დონის ლიდერთა მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ საჯარო მმართველობის განხორციელება, ეროვნულ დონეზე ერთობლივი ურთიერთქმედება, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასება და მშვიდობიანობის, საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მდგომარეობის დროს სტრატეგიული დონის საჯარო მართვის პროცესებში ეფექტიანი მონაწილეობა.


განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო სამსახურისათვის სტრატეგიული მართვის, უსაფრთხოების პრინციპების, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სახელმწიფოს სიძლიერის ელემენტების ცოდნის საკითხებში გათვითცნობიერებული კადრების მომზადებას. ამ ამოცანის გადაწყვეტა კი, ვერ მოხერხდება სახელმწიფოს ხვადასხვა უწყებების, აკადემიური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გარეშე. საჯარო მოსამსახურეებისთვის განათლებისა და ცოდნის მიღებისათვის საჭიროა ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბება.სწორედა ამ მიზანს ემსახურება თანამშრომლობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიერ, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მხარდაჭერით, უწყებათშორისი ახალი სამაგისტროს პროგრამის განხორციელების  თვალსაზრისით. 

თარიღი: 08/02/2023