საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ვარძიაში

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ვარძიის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მიმდინარეობს. ქართველებთან ერთად კონფერენციის მონაწილეები ედინბურგის, ვენეციის, ინსბრუკის, ოქსფორდის, იენის, ბორდოს და სხვა უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები უახლეს სამეცნიერო არქეოლოგიურ კვლევებს წარადგენენ და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხებს განიხილავენ.

 

„ვარძიის ახალგაზრდა არქეოლოგთა კონფერენცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. მათი  მონაწილეობა ვარძიის კონფერენციაში არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა ქართველი არქეოლოგები ინტეგრირებულნი იყვნენ ევროპულ სამეცნიერო სივრცეში, გაეცნონ მსოფლიოს სიახლეებს არქეოლოგიაში,“- განაცხადა თსუ პროფესორმა, კონფერენციის დამაარსებელმა და ორგანიზატორმა ვახტანგ ლიჩელმა.

 

კონფერენციაზე თსუ რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ აღნიშნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ვარძიის კონფერენციას თსუ სტუდენტებისთვის მათი საერთაშორისო ასპარეზზე გასაყვანად, უცხოელ კოლეგებთან სამეცნიერო ურთიერთობის დასამყარებლად, ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების დასაგეგმად. რექტორის მოადგილემ   მადლობა გადაუხადა ვარძიის კონფერენციის ორგანიზატორებს ახალგაზრდა არქეოლოგებისთვის გზის გაკვალვაში დახმარებისთვის და თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას სახელით მადლობის სიგელი გადასცა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, კონფერენციის სხდომების მუდმივ თავმჯდომარეს მაიკლ ვიკერსს იმ ღვაწლისათვის, რაც მან გაწია ქართველი სტუდენტების მხარდაჭერაში, პროფესიული წინსვლის ხელშეწყობაში.

 

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარძიის კონფერენციასთან ვასოცირდები. ამ კონფერენციის მიზანი დაარსებიდან დღემდე არის ახალგაზრდა ქართველ არქეოლოგთა ჩართვა საერთაშორისო კოლაბორაციაში, მათი კვლევების ხარისხის დონის ამაღლება. დარწმუნებული ვარ, რომ ვარძიის კონფერენციიდან ქართველი სტუდენტები მიიღებენ საჭირო ცოდნასა და უნარებს. ამ კუთხით  მათი წინსვლა ყოველწლიურად უფრო და უფრო შესამჩნევია,“- აღნიშნა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ ვიკერსმა.

 

თსუ კურსდამთავრებული დავით ნასყიდაშვილი კონფერენციაში ამჯერად  გენტის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობს: „ვარძიის კონფერენცია ეხმარება ქართველ ახალგაზრდა არქეოლოგებს საკუთარი უნარების განვითარებაში, ასევე, ინგლისურ ენაზე  კვლევითი კომპონენტების გაუმჯობესებაში. ეს არის პლაცდარმი ახალგაზრდა არქეოლოგებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი კვლევების ინტეგრაცია დასავლურ სამყაროში, დამეგობრება დასავლელ სტუდენტებთან, მკვლევრებთან, მოიპოვონ ახალი გრანტები, შედგეს ახალი კოლაბორაციები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.“

 

ახალგაზრდა არქეოლოგთა XIV საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას. კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 160-ე წლისთავს ეძღვნება.

თარიღი: 04/06/2023