აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული პროგრამის "პროფესიული და უმაღლესი განათლება" ქვეპროგრამის "ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულებების ხელშეწყობა" ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებას 50%-70%-100% ღონისძიების სასწავლო გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდასაჭერად.
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოიპოვეს 50%, 70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე
დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტუდენტებზე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად (ერთჯერადი გასაცემლის სახით), შემდეგი პრინციპით:
სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 50% სასწავლო გრანტი 500 ლარი;
სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი;
სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
სტუდენტმა დაფინანსების მიღების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და სპორტის სამინისტროში (მის. ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4)
მატერიალური ფორმით ან ელექტრონულ ბმულზე -https://shorturl.at/EmmCa უნდა
წარმოადგინოს:
განცხადება;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი - სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: სტუდენტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, მოპოვებული სასწავლო გრანტის ოდენობა.
ბანკის ამონაწერი სტუდენტის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
სტუდენტების განაცხადები მიიღება 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://education.ajara.gov.ge