eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი - 2026 დაიხურა

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის 2026 წლის სეზონი საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. ბანაკის ბოლო ნაკადის მონაწილეებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

 

თსუ რექტორმა სტუდენტებს სიტყვით მიმართა, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა და ახალგაზრდებისთვის მსგავსი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

2026 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 12 ნაკადად განხორციელდა და ჯამში 2 880 ახალგაზრდას უმასპინძლა, მათ შორის 720 სკოლის მოსწავლესა და 2 160 სტუდენტს. მიმდინარე წლის დასკვნითი ნაკადის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

 

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში მონაწილეობდნენ, რაც მათ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გუნდური უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევდა.

თარიღი: 14/09/2026