ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზერბაიჯანის მეცნიერების და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი, მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის წევრებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ლევან ღირსიაშვილთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვას დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ კავკასიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი სავალდებულო მოდულია აზერბაიჯანოლოგია.
,,დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის პროგრამის საგნებს სემესტრში 120-მდე სტუდენტი ირჩევს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი უნივერსიტეტის როლს რეგიონული საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარებაში. ჩვენი ურთიერთობა აზერბაიჯანის უნივერსიტეტებთან წლიდან წლამდე კიდევ უფრო მტკიცდება და მრავალმხრივი ხდება. მზად ვართ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სიმუზარ ფეიზულაევა, განათლების ინსტიტუტის დირექტორი ელნურ ალიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი და პირველი მდივანი რამიზ ჰაჯიზადა.
საპატიო სტუმრებისთვის თსუ ბიბლიოთეკისა და თსუ მუზეუმის ორგანიზებით აზერბაიჯანულ თემატიკაზე გამოფენა მოეწყო.
ღონისძიების დასასრულს თსუ-ის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა რამდენიმე ნომერი შესრულეს.