საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის - „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის პროფესორის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძისა და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის გოგი კონტრიძის წიგნის, „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა.


სახელმძღვანელოს შესახებ ვრცლად ისაუბრა წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა. ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ესწრებოდნენ.  
 

პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოს პირველი, 2014 წლის, გამოცემა წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან საბანკო საქმე, საბანკო მენეჯმენტი სწორედ ამ წიგნით ისწავლებოდა და დღემდე ისწავლება საქართველოს უმეტეს უმაღლეს სასწავლებლებში. "თუმცა, მას შემდეგ რვა წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა საბანკო სფეროში, როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში, სწორედ ამ რეალობების გათვალისწინებით წარმოგიდგინეთ წიგნის ახალი, გადამუშავებული გამოცემა“ - განაცხადა პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, სახელმძღვანელო იძლევა თანამედროვე კომერციული ბანკის ორგანიზების და თანამედროვე საბანკო ოპერაციების განხორციელების საქმეში სრულყოფილი ცოდნის მიღების შესაძლებლობას.
 

704 გვერდიანი სახელმძღვანელო მოიცავს საბანკო სისტემის და კომერციული ბანკის საქმიანობის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. ნაშრომში განხილულია საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითები, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან. 
 

წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი პროფილის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი ბანკირებისათვის. სახელმძღვანელო გამოიცა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით და ვრცელდება უფასოდ.

თარიღი: 13/11/2022