საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„პასუხისმგებლობიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში..."

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამა ERASMUS-EDU ფარგლებში გაიმართა  ახალი პროექტის RiHEI: „პასუხისმგებლობიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“ ღონისძიება. პროექტის კოორდინატორია ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ხოლო კონსორციუმის წევრები არიან: მარტინი ლუთერის უნივერსიტეტი ჰალე, ვიტენბერგი;  მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი;  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

პროექტს  სამი ძირითადი მიზანი აქვს: საქართველოს უმაღლესი განათლების მოდერნიზაცია, ინტერნაციონალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა მომავალი თაობის შრომის ბაზრის აქტორებისთვის;  საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გამოწვევების მოგვარება, რათა ისინი გახდნენ ზრდის, მდგრადი და პასუხისმგებლობიანი (ეკოლოგიურად, სოციალურად) ძალაუფლების მამოძრავებელი ძალა; გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების, პერსონალის გაცვლის და მრავალეკოსისტემური ქსელის განვითარებით და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოტივირებით. ამ მიზნების მისაღწევად დასახულია კონკრეტული ამოცანები: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუნივერსიტეტო მმართველობის რეფორმა და მოდერნიზება;  სტუდენტური სერვისების და მწვანე კამპუსების გაძლიერება, უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ერთეულების და პროცესების/სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც გაზრდის დაგეგმვისა და შეფასების ერთეულების შესაძლებლობებს და ეფექტიანობას და უზრუნველყოფს უკეთეს მხარდაჭერას დისტანციური/სოფლის რისკის ქვეშ მყოფი სოციალური ჯგუფებისთვის; მაღალი სიმძლავრის ციფრული პლატფორმის შექმნა, სადაც განთავსდება პროექტის აქტივობებით მიღწეული შედეგები. ეს შეიძლება იქცეს საქართველოს იმ უმაღლესი სასწავლებლების სერვის-ცენტრად, რომელიც დაინტერესებული იქნება გარდაქმნან საკუთარი დაწესებულება მდგრად და პასუხისმგებლიან (ეკოლოგიურად და სოციალურად) უნივერსიტეტად.

 

 ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში უმაღლესი განათლების მომავლის ხედვის განსაზღვრის მიზნით თსუ-ში გაიმართა ვორქშოფი „მომავლის ხედვა“, რომელშიც თსუ ვიცე-რექტორები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანები, დეპარტამენტების წარმომადგენლები, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, სტუდენტები ესწრებოდნენ.  ვორქშოფზე ისაუბრეს საკითხზე, თუ როგორი იქნება პასუხისმგებლობიანი და მაღალი გავლენის მქონე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორი საქართველოში.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ ხედვაზე და ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის.   თსუ-ში გამართული დისკუსიის შედეგები გადაეგზავნება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც სამივე უნივერსიტეტის მოლოდინებსა და ხედვას შეაჯერებს. 

 

თარიღი: 17/04/2024