საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დისკუსია - დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის“ გაიმართა. ღონისძიება გერმანიის საელჩოსა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიის მიზანია აზრთა თავისუფალი გაცვლის რეჟიმში წარსულის გააზრებისა და საზოგადოებებში არსებული ტრავმული გამოცდილებების შესახებ ღია და გულწრფელი საუბარი, აგრეთვე, ბერგჰოფის ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობის გაცნობა სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისათვის.
 

დისკუსიას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში,  ბერგჰოფის ფონდის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი დოქტორი ოლივერ ვოლე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, პროფესორი გუგული მაღრაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ. 
 

 „კონფლიქტის ტრანსფორმაცია ნიშნავს, რომ კონფლიქტი არ არის დამთავრებული, მაგრამ არ არის ომი, არ არის სროლა, ეს არის ეგრეთ წოდებული ნეგატიური მშვიდობა და ამ დროს მუშაობა მიდის იმისთვის, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობა დამყარდეს, კონფლიქტის მხარეები აღვიქვათ როგორც ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ჰუმანიტარული პრობლემების  დაკმაყოფილება, სწავლა, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობა როგორც კონფლიქტის ერთ მხარესთან, ისე მეორესთან. დღევანდელი პროექტი ასეთი მუშაობის კარგი შედეგია.“- აღნიშნა პროფესორმა გუგული მაღრაძემ.
 

საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის ჰუბერტ ქნირშის თქმით,  „უკვე ათწლეულია ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს.  ამ საკითხზე მუშაობს გერმანული ფონდი, რაც გვაძლევს მოტივაციას ერთად ვისაუბროთ, განვიხილოთ წარსული და ის ყველაფერი, რაც განიცადეს 90-იანი წლების დასაწყისში“. როგორც ელჩმა განაცხადა, ღონისძიებაზე წარმოდგენილია ერთობლივი მუშაობის ანგარიში, რაც მეტად საინტერესოს ხდის დისკუსიას.
 

ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო დიალოგთან დაკავშირებით ბერგჰოფის პროცესი 8 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ვინაიდან ქართული და აფხაზური საზოგადოებრივი ნარატივები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, საერთო ენის პოვნა მხოლოდ ომთან რაიმე შემხებლობაში მყოფი ადამიანების მეხსიერებაში არსებული ისტორიებით არის შესაძლებელი. 
 

ბერგჰოფის ფონდის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის დოქტორ ოლივერ ვოლეს თქმით, აუცილებელია შევისწავლოთ, თუ რა განიცადა ხალხმა ამ კონფლიქტის განმავლობაში, ის რაც ხალხის სულში, გულში ან ფსიქიკაში ხდებოდა. „მოგონებები ხალხისგან, აფხაზური მხარისგან ვისაც გადატანილი და გამოცდილი აქვს ომი და ძალადობა ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დისკუსიებია რაც ამ მოგონებებთან დაკავშირებით იმართება. ჩვენ გვჭირდება ამის განხილვა, რადგან ეს არის ადამიანური ისტორიები“.-აღნიშნა ოლივერ ვოლემ.
 

შეხვედრის დამსწრე სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ წარსულის შესახებ დიალოგის შესაძლებლობები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციის  გზაზე, ასევე მოესმინათ ექსპერტთა მოსაზრებები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო „ბერგჰოფის ფონდის“ საქმიანობის ფარგლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით  მომზადებული ორი ფილმი.
 

ბერგჰოფის პროცესმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა ორმხრივი სამოქალაქო დიალოგისთვის, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრების და გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა. 
 

„ბერგჰოფის ფონდი“ გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლებია მუშაობს ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მიმართულებით. ფონდი ახორციელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებულ პროექტს “ისტორიის შესახებ დიალოგი, როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის".






 

თარიღი: 29/06/2022