საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველი და შვეიცარიელი სპეციალისტების მაკავშირებელი „მთა“

იცოდით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ციურიხის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის პარალელურ რეჟიმში ერთი სასწავლო მოდული მიმდინარეობს? ის თუ იცოდით, რომ ამ კურსის ფარგლებში, რომელსაც რიგრიგობით ქართველი და შვეიცარიელი ლექტორები უძღვებიან, საზოგადოებრივი გეოგრაფის სპეციალობის თსუ სტუდენტებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის დამყარება და სამეცნიერო უნარების გაუმჯობესებაც შეუძლიათ, მათ შორის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით (მთა MTA), რომელიც შვეიცარიელებს საქართველოს მთებს აცნობს, ქართველებს კი ალპებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფერში აქტიურად ჩართული უნივერსიტეტელი გვანცა სალუქვაძეა, რომელიც დღეს ციურიხის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარია.

 

ასაკის მიუხედავად გვანცამ უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია თავის სფეროში: დოქტორი საზოგადოებრივ გეოგრაფიაში (დოქტორის ხარისხი მიენიჭა 2023 წლის იანვარში), ფორბსის 30 UNDER 30 2021 წლის გამარჯვებული მეცნიერების კატეგორიაში, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არაერთი საერთაშორისო პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ციურიხის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტებს შორის პირველი გადაკვეთა უკავშირდება რუსთაველის დოქტორანტურის გრანტის ფარგლებში, 2017 წელს ჩემს ვიზიტს ციურიხის უნივერსიტეტში მასპინძელ მენტორთან - პროფ. დოქტ. ნორმან ბაქჰაუსთან. ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, პროფ. ბაქჰაუსი მალევე გახდა ჩემი დისერტაციის ოფიციალური თანახელმძღვანელი, ხოლო მე შევუერთდი მის კვლევით ჯგუფს და 2020 წლიდან ციურიხის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი ვარ. სწორედ ჩვენი წარმატებული კოლაბორაციის და ერთად პრეცედენტული პროექტების შექმნის სურვილის შედეგია ის გაფართოებული კვლევითი ჯგუფი, რომელიც დღეისათვის სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის სასწავლო კურსს „მთის მდგრადი განვითარება“.

 

კურსის შექმნა დააფინანსა შვეიცარიის მთავრობამ, როგორც უმაღლესი განათლების სისტემაში სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ორივე უნივერსიტეტის ინოვაცია. სასწავლო კურსი პარალელურ, ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში ტარდება ორივე უნივერსიტეტში და აერთიანებს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. სასწავლო მოდულის მიზანია სტუდენტებმა ფართო კონცეპტუალური და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით, შეისწავლონ მთის მდგრადი განვითარების კანონზომიერებები და თავისებურებები ალპებისა და კავკასიის მთიანი რეგიონების მაგალითზე (სტუდენტები გაეცნობიან ორივე ქვეყნის კონტექსტს), ასევე შეისწავლონ მთიანი რეგიონების შესახებ წარმოებული დისკურსები და არსებულ გამოწვევებზე (მაგ., კლიმატის ცვლილება, ტურიზმი, მიგრაცია) რეაგირების გზები. ამის მისაღწევად კურსი დაყოფილია თემატურ სალექციო კვირებად და მას მონაცვლეობით ქართველი და შვეიცარიელი ლექტორები უძღვებიან,“ - გვიყვება ახალგაზრდა მეცნიერი. კურსის ვებსაიტია: https://www.mountainapp.net/ 

 

აღსანიშნავია, რომ კურსის შექმნაზე მუშაობის პარალელურად, ქართულ-შვეიცარიულმა კვლევითმა ჯგუფმა ციურიხის უნივერსიტეტის ინოვაციური სასწავლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში citizen science“-ის კონცეფციაზე დაყრდნობით, ამ სასწავლო კურსისთვის შეიქმნა ტრანსსასაზღვრო სწავლებისათვის დიგიტალური პლატფორმა - მობილური აპლიკაცია "MountainApp" (აბრევიატურა „MTA” - ქართულად მთა). პროექტის გუნდის შემადგენლობაში არიან: ციურიხის უნივერსიტეტიდან - დოქტორი ანნინა მიშელი, პროფესორი ნორმან ბაქჰაუსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - თემურ გუგუშვილი, პროფესორი იოსებ სალუქვაძე და თავად გვანცა.

 

„აპლიკაცია შეიქმნა შვეიცარიაში კომპანია SPOTTERON-ის მიერ. აბრევიატურა „მთა“, რა თქმა უნდა, ატარებს მიზანმიმართულ დატვირთვას და გუნდის იდეაც სწორედ ეს იყო, რომ ყველა შვეიცარიელ სტუდენტს სცოდნოდა თუ რა ჰქვია ქართულად იმ ადგილს, რაზეც ამდენ ინფორმაციას მიიღებდნენ. აღნიშნულის ძირითადი მიზანი გეოგრაფიული ბარიერების გარღვევა და შვეიცარიელი და ქართველი სტუდენტების ინტერაქციის გაღრმავება იყო. ეს პარამეტრი ეხმარება სტუდენტებს გააუმჯობესონ ტრანსფერული უნარები, როგორიცაა კულტურათაშორისი და სამეცნიერო კომუნიკაცია. იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო კურსი დატვირთულია ინოვაციური პრაქტიკული დავალებებით და აქტივობებით, მათ შორის სასწავლო პროცესში აქტიურად ხდება MTA-ის გამოყენებაც. კერძოდ, აპლიკაციის მრავალფეროვანი ფუნქციები (მათ შორის მასზე წვდომა ოფლაინ რეჟიმში, გეოლოკაციის ავტომატური დაფიქსირება და ა.შ.) შექმნილია სხვადასხვა ტიპის დასახლებების გარშემო ინფორმაციის შეგროვების, გაზიარებისა და ანალიზისათვის. ფუნქციონალის ფარგლებში, სტუდენტებს აქვთ კონკრეტული დავალებები, რის ფარგლებშიც უნდა გააზიარონ სხვადასხვა ლანდშაფტები და დაიტანონ თითოეულზე კონკრეტული ინფორმაცია (როგორც დახურული, ასევე ღია კითხვებზე პასუხებით), მათ შორის თუ რა აკავშირებთ ამ ადგილთან, რითი არის გამორჩეული, რა აქვს ავთენტური და ა.შ. აღნიშნულის ფარგლებში, ისინი აზიარებენ მათ ხედვებს კონკრეტულ ადგილთან და ლანდშაფტებთან მიმართებით, მათ აღქმას კონკრეტულ გარემოში, აგროვებენ, ქმნიან ინფორმაციას და აზიარებენ აპლიკაციაში. აპლიკაცია MTA უზრუნველყოფს შემოქმედებით კავშირს სტუდენტებსა და ლექტორებს შორის თვისებრივი კვლევის ციფრული, ინოვაციების სწავლებასთან დაკავშირებით. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიძინონ პრაქტიკული უნარები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით", -აღნიშნავს გვანცა.

 

ვინაიდან, 2022 წლის შემოდგომის სემესტრში პირველად, საპილოტე ფორმატში განხორციელდა როგორც სასწავლო კურსი, ასევე MTA აპლიკაციის გამოყენებაც, ამჟამად სტუდენტების უკუკავშირის შესაბამისად მიმდინარეობს როგორც აპლიკაციის, ასევე კურსის განახლება და 2023 წლის შემოდგომის სემესტრში იგი სტუდენტების სურვილებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით გაუმჯობესდება. ამ პროცესში, არაერთი უცხოური უნივერსიტეტიდან დაგვიკავშირდნენ აღნიშნული კურსისა და მასში MTA აპლიკაციის გამოყენების თაობაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით. უახლოეს მომავალში გვანცას შემადგენლობით მკვლევართა ჯგუფი, დაგროვილი ინოვაციური სწავლების მეთოდებში ცოდნისა და გამოცდილების უფრო ფართო აუდიტორიის გასაზიარებლად სტატიის გამოქვეყნებას აპირებს. დაინტერესების შემთხვევაში, კურსის დავალების ფარგლებში, შვეიცარიელი და ქართველი სტუდენტების ერთობლივი გამოქვეყნებული ბლოგების ნახვა შესაძლებელია: https://www.mountainapp.net/blog, აპლიკაციის მოძიება: MTA in App store: https://lnkd.in/e7Y_2Zeh, MTA in Google Play: https://lnkd.in/eUABfMC6

 

თარიღი: 01/06/2023