საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტი (CLAS 2022)

19-30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის და კურტ გიოდელის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტი (CLAS 2022), რომელიც აერთიანებს ექვს კონფერენციას, სამ სეზონურ სკოლას და ერთ ვორქშოფს. სამიტში შემავალი კონფერენციები და სკოლები კომპიუტერული ლოგიკის, თეორიული კომპიუტერული მეცნიერებების და კომპიუტერული მათემატიკის სხვადასხვა მიმართულების წამყვანი ტრადიციული ღონისძიებებია, რომლებიც მრავალი წელია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში:

 - ინტელექტუალური კომპიუტერული მათემატიკის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია (The 15th Conference on Intelligent Computer Mathematics, CICM)

 - დეკლარაციული პროგრამირების პრინციპებისა და პრაქტიკის 24-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი  (24th International Symposium on Principles and Practice of Declarative Programming, PPDP)

 - ლოგიკაზე დაფუძნებული პროგრამათა სინთეზის და გარდაქმნის 32-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი (32nd International Symposium on Logic-based Program Synthesis and Transformation, LOPSTR)

 - პროგრამათა აგების მათემატიკის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია (14th International Conference on Mathematics of Program Construction, MPC)

 - გამოთვლების თეორიული ასპექტების მე-19 საერთაშორისო კოლოკვიუმი (19th International Colloquium on Theoretical Aspects of Computing, ICTAC)

 - გაშვების ვერიფიკაციის 22-ე საერთაშორისო კონფერენცია (The 22nd International Conference on Runtime Verification, RV)
 
 - გადაწერის მე-13 საერთაშორისო სკოლა (13th International School on Rewriting, ISR)
 
 - გამოთვლების თეორიული ასპექტების საერთაშორისო კოლოკვიუმის საზაფხულო სკოლა (Summer School of the International Colloquium on Theoretical Aspects of Computing)
 
 - თბილისის მე-16 საერთაშორისო სკოლა ლოგიკასა და ენაში (16th International Tbilisi Summer School in Logic and Language)

 - ციფრულ დამტკიცებათა ევროპული კვლევითი ქსელის EuroProofNet-ის ვორქშოფი დამტკიცებების დიდი ბიბლიოთეკების შემუშავებაზე, მომსახურებაზე, რეფაქტორიზაციასა და ძებნაზე (EuroProofNet Workshop on the development, maintenance, refactoring and search of large libraries of proofs)


კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტში მომხსენებელთა და პროგრამული კომიტეტების წევრთა სახით ჩართულია 300‐მდე მეცნიერი მსოფლიოს 35 ქვეყნის 200‐ზე მეტი უნივერსიტეტიდან. სეზონურ სკოლებზე მოწვეული არიან ლექტორები ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან, ხოლო დამსწრეები არიან როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუდენტები. სამიტის ორგანიზებაში უცხოელ მეცნიერებთან ერთად ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.


სამიტის სპონსორები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Amazon Web Services, AnyDesk, Runtime Verification Inc და Springer. სამიტის ფარგლებში შპრინგერი მოაწყობს თავისი წიგნების გამოფენა-გაყიდვას, მათი წარმომადგენელი კი გეგმავს ქართველ მეცნიერებთან შეხვედრას საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემათა თანამედროვე მიმართულებების შესახებ. 


CLAS 2022-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეიძლება ვებ-გვერდიდან https://viam.science.tsu.ge/clas2022/.

თარიღი: 18/09/2022