ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე რექტორი აუდიტორიას ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა, ასევე გააცნო საიუბილეო ღონისძიებები და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს დიდი ქართველი მეცნიერის მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
„დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი თქვენი სოფლიდან იყო, ბევრი მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი სწორედ ხოვლეში შეიქმნა. იქ არის მისი სახლ-მუზეუმიც, რომელიც უნდა იქცეს ისეთ კულტურულ ძეგლად, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ექნება საშუალება, რომ გაეცნოს დიდი ქართველი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სწორედ ამას ემსახურება ის პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მოიცავს მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას. ივანე ჯავახიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს სამშობლოს, მეცნიერებისა,“ – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ ხოვლეში არსებული სახლ-მუზეუმის თანამშრომლებიც.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და თავად წარადგინეს პრეზენტაციები მისი ცხოვრების შესახებ.