საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,ბლუმსდეი’’ თსუ-ში

2021 წლის 16 ივნისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯეიმზ ჯოისის ,,ულისეში’’ უკვდავყოფილი ,,ბლუმსდეი’’ აღინიშნა.

დამსწრეებს სიტყვით მიესალმა ირლანდიის საპატიო კონსული ჯეფრი კენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი უკვე მეორედ ესწრება ,,ბლუმსდეის’’ და მოხიბლულია იმ საქმიანობით, რომელსაც ქართველი ჯოისოლოგები ეწევიან.

დასავლური ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფ. მანანა გელაშვილმა დასწრეებს წარუდგინა ის წიგნები, რომლებიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (FR17_220) ფარგლებში დაიბეჭდა: მონოგრაფია ,,ჯეიმზ ჯოისის თარგმნისა და კვლევის ისტორია საქართველოში’’, საერთაშორისო კონფერენციის მასალები ,,ჯოისი და სამყარო’’ და ჯოისის ბოლო ნაწარმოების ,,ღამისთევა ფინეგანისთვის’’ თარგმანი და კომენტარები. მანვე აღნიშნა, რომ ჯოისის თარგმნასა და კვლევას ხანგრძლივი და საამაყო ისტორია აქვს საქართველოში, რომელიც ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთერთი დამაარსებლის ერეკლე ტატიშვილისაგან იღებს სათავეს. სწორედ მან დააინტერესა ამ ავტორით მისი სტუდენტი და შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი მკვლევარი პროფ. ნიკო ყიასაშვილი, რომელმაც ,,ულისეს’’ თარგმნითა და კომენტირებით, ისევე როგორც კვლევებით, საჯარო ლექციებით და ანგლისტთა მრავალი თაობის აღზრდით მყარი საფუძველი ჩაუყარა ქართულ ჯოისოლოგიას.

წიგნების შესახებ ვრცლად ისაუბრა ცნობილმა მთარგმნელმა და ლიტერატორმა პროფ. პაატა ჩხეიძემ. ჯოისის შემოქმედება სხვადასხვა წახნაგებით იყო წარმოდგენილი პროფ. თინა მარგალიტაძის, პროფ. ლია ლორიას, ასოც. პროფ დავით მაზიაშვილის გამოსვლებში.

აღინიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯეიმზ ჯოისის შემოქმედენის კვლევისადმი მიღძვნილი სამი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომ არაფერი ვთვქვათ იმაზე, რომ ქართველი ჯოისოლოგების კვლევები არაერთხელ იყო წარმოდგენილი ჯოისის საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე საზღვარგარეთ (რომი, ციურიხი, ანტვერპენი).

გამომცემლობა ,,არტანუჯმა’’, რომელსაც ჯოისის ბევრი წიგნი აქვს გამოცემული და ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ჯოისის  პოპულარიზაციის საქმეში, ამჯერადაც სასოამოვნო სიახლე შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას. ,,არტანუჯის’’ რედაქტორმა და პროექტების მენეჯერმა თაკო ლონდარიძემ განაცხადა, რომ არტანუჯი გეგმავს გამოსცეს ჯოისის ,,ღამისთევა ფინეგანისთვის’’ (ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო თამარ გელაშვილმა).

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ფრაგმენტები ,,ულისედან’’ და ერთხმად აღნიშნეს მთარგმნელის ვირტუოზული ოსტატობა, რომელიც ჯოისის ურთულესი ტექსტის ნიუანსებს, იუმორს, სიტყვათქმნადობასა და სტილურ მრავალფეროვნებას უზუსტეს მხატვრულ ექვივალენტს პოულობს.

თარიღი: 17/06/2021