თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია პროექტს ,,წიგნების თაროს“ გამარჯვებულ გუნდს შეხვდა. 2024 წელს პროექტის ფინალურ ტურში თსუ-ის სტუდენტების გუნდმა ,,კრატა რეპოამ“ გაიმარჯვა. გუნდის შემადგენლობაში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები ალექსი სიდამონიძე და გიორგი ადამაშვილი, ასევე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე ქართველიშვილი არიან.
თსუ რექტორმა სტუდენტებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. შესთავაზა მხარდაჭერა, სტუდენტური პროექტების ფარგლებში ისეთი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება ინტელექტუალური თამაშებისთვის.
შეხვედრაზე სტუდენტებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომელიც თან ახლავს პროექტში მონაწილეობას. ასევე ხაზი გაუსვეს მსგავსი პროექტების როლს საგანმანათლებლო სივრცეში და ინტელექტუალური თამაშების დადებით მხარეებს.
პროექტ ,,წიგნების თაროს“ მონაწილე სტუდენტებს ფინალამდე 4 თამაში ჰქონდათ, სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდებთან შეხვდრის შემდეგ, ფინალურ ტურში ერთმანეთს თსუ-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დაუპირისპირდნენ. გასულ სეზონზე პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით 6 გუნდი მონაწილეობდა.
პროექტ „წიგნების თაროში“ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თსუ-ის სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალი და საგანმანათლებლო სივრცეში აქტიური მონაწილეობის საჭიროება. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში და განვითარებაში, რაც მომავალში მათი ინტელექტუალური და პროფესიული წარმატების საფუძველი ხდება.