თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ცუკუბას (იაპონია) უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
თსუ რექტორმა იაპონელ კოლეგებთან აკადემიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ჯაბა სამუშიამ სტუმრებთან ისაუბრა თსუ-ში იაპონური ენისა და, ზოგადად, იაპონისტიკის სწავლების შესახებ. მისი თქმით, თსუ-ში საგანმანათლებლო მოდული „იაპონისტიკა“ 2007 წლიდან ისწავლება. 2010 წელს იაპონიის სამთავრობო გრანტის ფარგლებში და საქართველოში იაპონიის საელჩოს თანადგომით თსუ-ში შეიქმნა „იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი“, რომელიც აღიჭურვა უახლესი ტექნიკური საშუალებებითა და სასწავლო ლიტერატურით, პერიოდული გამოცემებით, აუდიო-ვიდეო მასალით. ცენტრში ტარდება ლექციები იაპონურ ენაში, იაპონიის ისტორიაში, იაპონურ კულტურაში, იაპონიის ეკონომიკაში, შორეული აღმოსავლეთის ისტორიულ ქალაქებზე და სხვა საგნებში. ცენტრი ხშირად მასპინძლობს იაპონელ მეცნიერებს, რომლებიც ატარებენ საჯარო ლექციებს, ასევე მხატვრებს, პოეტებს, მსახიობებს, იაპონელ სტუდენტებს. ცენტრი თანამშრომლობს ტოკიოსა და ვასედას უნივერსიტეტებთან, ასევე, ჩართულია იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
შეხვედრაზე ცუკუბას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იუსუკე კაჯიამამ თსუ-სთან მომავალი თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმის გაფორმებაზე ისაუბრა და 2 პროექტის ფრეზენტაცია გააკეთა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტური მობილობები, ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები.
1973 წელს დაარსებულ ცუკუბას უნივერსიტეტში 17 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და ნობელის 3 ლაურეატი ჰყავს ქიმიასა და ფიზიკაში. მსოფლიო დონის განათლებისა და კვლევითი საქმიანობისთვის იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა 2020 წელს ცუკუბას უნივერსიტეტს მიანიჭა „Designated National University Corporation"-ის სტატუსი.
შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პარტნიორული ურთიერთობა აქვს 4 იაპონურ უნივერსიტეტთან: ოსაკას, ტეიკიოს, კობეს და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტებთან.