თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 85 წლისთავს.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რომელმაც ისაუბრა ისტორიის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და მის საქმიანობაზე.
,,ამ ინსტიტუციამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიის შესწავლაში, თუნდაც საქართველოს ისტორიის ნარკვევები რად ღირს, რომელიც 50 წლის წინ გამოიცა, " - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 19 მომხსენებელი სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებიდან.
კონფერენცია გაგრძელდება 29 აპრილის ჩათვლით; სხდომები გაიმართება თსუ-ის პირველ კორპუსში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.