საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილი 150 - ფოტოალბომის, საკოლექციო საფოსტო მარკისა და მონეტის ესკიზების წარდგენა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საკოლექციო მონეტის, საიუბილეო საფოსტო მარკის ესკიზის კონცეფციისა და ფოტოალბომის „ივანე ჯავახიშვილი 150“ წარდგენა გაიმართა.

 

ფოტოალბომში „ივანე ჯავახიშვილი 150“ თავმოყრილია დიდი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის — ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების და მრავალმხრივი მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური ფოტომასალა დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. ცნობილია,  რომ მეცნიერი განსაკუთრებულ  ინტერესს იჩენდა ქართული არქიტექტურული ძეგლების, ტაძრებისა და ისტორიული ნაგებობებისადმი, რომელთაც ფოტოფირზე აფიქსირებდა. ფოტოხელოვნებით გატაცებული ივანე ჯავახიშვილის ფოტოობიექტივში ხშირად ხვდებოდნენ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის და აბაშიძეების დიდი ოჯახის წევრები. ალბომში  წარმოდგენილი მასალა მნიშვნელოვან ისტორიულ-დოკუმენტურ საგანძურს წარმოადგენს. ფოტოალბომის შექმნა მიზნად ისახავს დიდი ივანეს მდიდარი სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას, მისი ღვაწლის დაფასებას.

 

 ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საფოსტო მარკის ესკიზი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანოს — ეროვნული საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ არის მოწონებული. აღნიშნული კომისია სხვადასხვა უწყებისა და პროფესიის 20-მდე წარმომადგენელს აერთიანებს.

 

 ღონისძიებაზე ოფიციალურად დაანონსდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის გამოშვება — 1 ლარის ნომინალის საკოლექციო საიუბილეო მონეტა, რომელიც დიდი მეცნიერის მემკვიდრეობისა და ეროვნული საგანმანათლებლო ისტორიის დაფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იქნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართელოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: ბექა დოჭვირი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი. 

 

თარიღი: 29/04/2026