საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ თსუ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებელსა და 25 ათასზე მეტ სტუდენტს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. „მიხარია, რომ ყოველწლიურად სულ უფრო საინტერესო, განათლებული, თავდაჯერებული ახალგაზრდები მოდიან უნივერსიტეტში. სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელთაც აქვთ უნარი იმისა, რომ ისწავლონ, იკამათონ და განვითარდნენ. თითოეული უნივერსიტეტელი, პროფესურა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწოდებული ვართ, რომ ჩვენს სტუდენტებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სწავლა უფრო შინაარსიანი და სტუდენტობა უფრო საინტერესო გახადონ,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
 

თსუ რექტორი და შვიდივე ფაკულტეტის დეკანები შეხვდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ 6200-ზე მეტ პირველსემესტრელს. ფაკულტეტების დეკანებმა, ლექტორებმა სტუდენტებს სასწავლო პროგრამების, პროექტების, პრაქტიკის, საერთაშორისო პარტნიორების, გაცვლითი პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. რექტორი ჯაბა სამუშია პირველსემესტრელებს უნივერსიტეტის ისტორიაზე, ფასეულობებზე, მისიაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც უნივერსიტეტში უკვე განხორციელდა  და იმათზეც, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები. საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა  მოიპოვა   საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს  საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში.  
 

ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: მოეწყო სასწავლო კორპუსების გარე სივრცეები, რამდენიმე სასწავლო კორპუსში განახლდა სააუდიტორიო ინვენტარი, სასწავლო კორპუსების დერეფნებსა და ჰოლებში მოეწყო სტუდენტური და საპროფესორო სივრცეები.

 

თარიღი: 18/09/2023