საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესორი ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი ნანი გელოვანი ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა მონოგრაფიისათვის - თბილისის მუსლიმური თემი (1801-1917). 

თსუ პროფესორს პრემია გადასცა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ თეირანში გამართულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე 8 თებერვალს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეზე. ამავე დღეს ირანის წიგნისა და ლიტერატურის სახლში გაიმართა ნანი გელოვანის წიგნის პრეზენტაცია. 


ნაშრომში, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, მონოგრაფიულადაა შესწავლილი და გაანალიზებული 1801-1917 წლებში თბილისის მუსლიმური თემის პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. ნაშრომი ეყრდნობა ძირითადად საარქივო მასალებს (200-ზე მეტი დოკუმენტი).
 

ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის საერთაშორისო პრემია დაწესდა 1993 წელს და მიზნად ისახავს გასული წლის საუკეთესო წიგნების ავტორის გამოვლენას ისლამმცოდნეობისა და ირანისტიკის დარგებში. 2022 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის საერთაშორისო პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო სხვადასხვა ენებზე გამოცემული 1500 წიგნი ისლამმცოდნეობისა და ირანისტიკის დარგში. საკონკურსო კომისიამ, რომელიც შედგებოდა 41 წევრისაგან, პირველ ეტაპზე შეარჩია 140 წიგნი. კონკურსის ბოლო ეტაპზე, 24 წიგნიდან გამარჯვებულად დასახელდა სამი (2 ისლამმცოდნეობა და 1 ირანისტიკა).  
 

 

თარიღი: 13/02/2023