საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი

სემინარი თემაზე „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა: GGSB-ისა და მისი SMART|Lab-ების წვლილი“ გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში შედგა. მე-9 ქართულ-გერმანული სკოლასა და სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებაში (GGSWBS)  იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრი (FZJ)  მართავს ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (აგრუნი, ილიაუნი, სტუ, ქსუ და თსუ), მჭიდრო კოორდინაციით დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის (HZDR) და დარმშტადტის ჰელპმოლცის ცენტრებთან ერთად (GSI).
 

შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროექტის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: ,,საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იმართება საზაფხულო სკოლა გერმანელ მეცნიერებთან ერთად. პროექტი მრავალი წელია უკვე მუშაობს და მის ფარგლებში ეწყობა ტრენინგები და საზაფხულო სკოლა. შეირჩევიან  ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს იულიხის კვლევით ცენტრში. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი მომავალი თაობისთვის, რათა დაეუფლონ თანამედროვე მეთოდოლოგიას კვლევაში. გერმანული მხარის ხელშეწყობით, თსუ-ში ვაპირებთ კიდევ ერთი, სამედიცინო მიმართულების ლაბორატორიის შექმნას, რომელიც ინოვაციურ პროექტებზე იმუშავებს.“
 

სემინარზე განიხილავენ ჯანმრთელობის საკითხებს (კერძოდ, დაავადებათა (კიბო) დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე) და გარემოზე (მაგ. დაბინძურება, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი). გარდა ამისა, განიხილება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგეგმილი ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ასპექტები.


სემინარის მიზანია შეკრიბოს მსოფლიო ექსპერტები ამაჩქარებლის ჯგუფებიდან, სამედიცინო ფიზიკოსები და ექიმები, სიცოცხლის მეცნიერებების წარმომადგენლები და ტექნოლოგიები სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებიდან, ამ სფეროში მიღწევების შესაჯამებლად და ორ ქვეყანას შორის შემდგომი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ დისკუსიების წამოსაწყებად. გარდა ამისა, იგეგმება სალექციო კურსები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების ფართო სპექტრში, ასევე ბრიფინგი სამეცნიერო (მიმდინარე და სამომავლო) პროექტებზე და საგანმანათლებლო (სტუდენტების გაცვლის) პროგრამებზე.

 

იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა ქართულ მხარესთან თითქმის ოცწლიან თანამშრომლობაზე, ქართულ-გერმანული ხიდის მნიშვნელობაზე, გერმანიაში ქართველი სტუდენტების სწავლაზე, ე.წ. ჭკვიან ლაბორატორიებზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში კვლევითი ცენტრების დაარსებასა და განვითარებაზე ისაუბრა. 
 

კვლევითი ცენტრი იულიხში (FZJ) წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (აგრუნი, ილიაუნი, სტუ და თსუ). თანამშრომლობა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწყო იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტისა (IKP) და თსუ მეცნიერთა მცირე ჯგუფის (HEPI TSU) თანამშრომლობით, იულიხის COSY ამაჩქარებლის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საფუძველზე. ეს საერთაშორისო თანამშრომლობა მოგვიანებით გააფართოვა სხვა FZJ ინსტიტუტებმა: ენერგიისა და კლიმატის კვლევები (IEK), ნეირომეცნიერება და მედიცინა (INM), ბიო- და გეომეცნიერებების კვლევა (IBG) და ელექტრონიკა და მექანიკური ინჟინერია (ZEA). ცოტა ხნის წინ ქართული მხრიდან ამ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქსუ) შეუერთდა.
 

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB) დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: 1. განათლება (საგანმანათლებლო პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის ტარდება სხვადასხვა სტაჟირების პროგრამების სახით იულიხში და ბლოკ-ლექციების სახით საქართველოში); 2. კვლევა (ქართველი სტუდენტები თავიანთ ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების მრავალფეროვან საერთო კვლევებში); 3. ცოდნის ტრანსფერი (ახალგაზრდა, კარგად მომზადებული ქართველი მეცნიერების რეინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტების სტრუქტურებში ე.წ. SMART|Lab-ების შექმნით). გერმანია და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ შესაძლებლობას - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით) შეიქმნა ორი SMART|ლაბორატორია -  ბირთვული ფიზიკის (SMART|EDM_Lab) და ატმოსფერული ქიმიის & მოდელირების (SMART|AtmoSim_Lab); იულიხმა ლაბორატორიებს მიაწოდა სამეცნიერო აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი.
 

 

 


 

 

თარიღი: 16/09/2022