საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში კალთბურთის აკადემია გაიხსნა

           ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთის აკადემია გაიხსნა. აკადემია ეროვნული საკალათბურთო სუპერლიგის ლიდერის - თსუ საკალათბურთო გუნდის ბაზაზე შეიქმნა და პროფესიონალი სამწვრთნელო და სამედიცინო პერსონალით არის დაკომპლექტებული.          

 

          თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებასთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სწავლა-სწავლების პროცესისა და მეცნიერების განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაც. ამის ნათელი მაგალითია თსუ-ში საკალათბურთო აკადემიის გახსნა, რაც ახალგაზრდა თაობას შესაძლებლობას მისცემს საუნივერსიტეტო კალათბურთის ისტორია წარმატებით გააგრძელოს და მომავალში დიდი კალათბურთი ითამაშოს,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

            თსუ კალათბურთის აკადემია 6-დან 14 წლამდე ასაკის 400-მდე მოზარდს მიიღებს. თითოეულ ჯგუფში 20 ახალგაზრდას  კვირაში სამი დღე ცნობილი მწვრთნელები და კალათბურთელები ავარჯიშებენ.

 

            თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხარჯავანიძის თქმით, კალათბურთის აკადემია მომავალი პროფესიონალი კალათბურთელების აღზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „აკადემიაში იქნება ინტენსიური მუშაობა, სწორი მენეჯმენტი, ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო აკადემიის თითოეულმა  აღზრდილმა ქართული კალათბურთის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყოს ხელი,“ - აღნიშნა ირაკლი ხარჯავანიძემ.

 

            თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის აკადემიის აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა.

 

             „დღეს ახალგაზრდებში დიდი მოთხოვნაა კალათბურთზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ძალიან სასიხარულოა უნივერსიტეტში აკადემიის გახსნა და ვფიქრობ, ის დიდ კონკურენციას გაუწევს საქართველოში არსებულ სხვა საკალათბურთო სკოლებს, რაც ქართული კალათბურთის ხარისხზე დადებითად აისახება,“ - განაცხადა თსუ საკალათბურთო გუნდის მწრთვნელმა ლექსო ლაფანაშვილმა.

 

აკადემიის მიზანია ახალგაზრდებში კალათბურთისა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უნივერსიტეტის პროფესიონალური საკალათბურთო კლუბის გაძლიერება აკადემიის აღზრდილი სპორტსმენებით, ქართული კალათბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

 

ქართველმა კალათბურთელმა, სპორტის ოსტატმა ამირან სანიკიძემ თსუ საკალათბურთო აკადემიას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ აკადემია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდაში. „ყველაფერი პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იღებს სათავეს. საქართველოში პირველი საკალათბურთო მოედანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობდა. პირველი საკალათბურთო კლუბი კი სპორტის კათედრაზე ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში გაიხსნა. ძალიან მიხარია, რომ დღეს თსუ-ში საკალათბურთო აკადემია გაიხსნა, რომელიც პროფესიონალებს აღზრდის,“ - აღნიშნა ამირან სანიკიძემ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთის ისტორია 1922 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. პირველი საკალათბურთო გუნდი თსუ-ში 1922 წელს შეიქმნა. დღეს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი საქართველოს თასის მოპოვებისთვის იბრძვის. 11 აპრილს უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს თასის ოთხთა ფინალის ნახევარფინალში „ოლიმპს“ დაუპირისპირდება.

 

კალათბურთის აკადემიის გახსნის ღონისძიებაზე სპორტული კომენტატორის, ვეტერანი სპორტსმენის ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თარიღი: 06/04/2023