საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-5 შეხვედრა

2022 წლის 14 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-5 შეხვედრა გაიმართა.

 

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციას, რომელიც საქართველოს 35 აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს აერთიანებს, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალურმა მდივანმა ამანდა კროუფორდმა ასოციაციაში გაწევრიანება მიულოცა და თანამშრომლობის გამყარების შესახებ ისაუბრა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არაევროგაერთიანების წევრი ქვეყანა არის წარმოდგენილი ამ უდიდეს ევროპულ გაერთიანებაში. EUA-ში გაწევრიანებულია 850 უნივერსიტეტი ევროპიდან, 34 მუდმივმოქმედი კონფერენცია რექტორების ევროგაერთიანების ქვეყნებიდან, სერბეთი და ახლა უკვე საქართველო.

 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით, მუდმივმოქმედ კონფერენციას უკვე აქვს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს განმკარგულებელი საბჭოს მუშაობაში, რაც საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის პოზიციები ამ დიდ უნივერსიტეტთა გაერთიანებაში,“-განაცხადა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

EUA-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის EUA-ს წევრობა დიდი წარმატების საწინდარია. ამით ქართულ უნივერსიტეტებს ექნება წვდომა ორგანიზაციაში გაერთიანებული ქვეყნების სადოქტორო და სხვადასხვა პროგრამებზე,“-აღნიშნა დავით გურგენიძემ.

 

შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინა მსოფლიო ბანკის წარომადგენელმა პეტერ ლინდჰოლმა იმის შესახებ, თუ რა შეიცვლება სამეცნიერო კვლევების კუთხით საქართველოში, როგორ შეიძლება მოხდეს ტექნოლოგიის ტრანსფერი, ქართული სამეცნიერო პოტენციალის კომერციალიზაცია და ქართველი მეცნიერების საავტორო უფლებების დაცვა საერთაშორისო ბაზარზე, 

 

შეხვედრს მონაწილეები, აგრეთვე, გამოეხმაურნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნეს თუ რითი ეხმარებიან ქართული უნივერსიტეტები უკრაინელ პარტნიორებს. ღონისძიებაზე წარმოიშვა გლობალური უნივერსიტეტის შექმნის იდეა, რომლის ფარგლებშიც ქართული უნივერსიტეტები შეთავაზებენ ონლაინ კურსებს უკრაინაში დარჩენილ სტუდენტებს.

 

ქართული უნივერსიტეტების რექტორებს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ნორვეგიის მთავრობის დახმარებით შემუშავებული ახალი კურსი "საერთაშორისო ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ" გააცნო. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სხდომაზე ქართული ენის დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მისალმებაც მოისმინეს.

თარიღი: 15/04/2022