საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიურ კონგრესს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდა 200-მდე მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

ღონისძიება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

 

კონგრესის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა თსუ რექტორის მოვალეობის შემრულებელი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რომელმაც კავკასიელი ერების საერთო ისტორიაზე, საერთო ღირებულებებზე ისაუბრა. ასევე, გაიხსენა მნიშვნელოვანი ფაქტები კავკასიელი ერების ისტორიიდან. „ერთად სამსჯელო ჩვენ, კავკასიურ ერებს ძალიან ბევრი გვაქვს" - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულება, რომელმაც 1924 წლიდან დაიწყო მუშაობა კავკასიოლოგიის კვლევის ცენტრად იქცა, 1933 წელს კი კათედრად ჩამოყალიბდა.

 

კავკასიელი ხალხის ერთიანობის მნიშვნელობასა და კავკასიოლოგიის, როგორც დარგის საქართველოში განვითარების ისტორიაზე ისაუბრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა  ნანა გაფრინდაშვილმა. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. კავკასიოლოგიური კვლევები, კავკასიოლოგიის სწავლება ჩვენს ქვეყნაში, იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად უნივერსიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის უაღრესად ტრადიციული დარგი, რომელიც ვითარდება და მომავალშიც განვითარდება.  ილია ჭავჭავაძე პოემა ,,აჩრდილში“ საუბრობდა კავკასიის ხალხის ერთობაზე, მათ საერთო ინტერესების ქონაზე, ეს იყო ილია ჭავჭავაძის პოზიცია, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ კავკასიელმა ხალხმა იაროს ერთი გზით, ერთი მიმართულებით, ჰქონდეთ საერთო ინტერესები, საერთო ფასეულობები,“ - აღნიშნა დეკანმა.
 

კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ეძღვნებოდა გამოჩენილი კლასიკოსის, მწერალ მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) ასი წლის იუბილეს.


,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდანვე არის ცენტრი არამხოლოდ ქართული და ქართველური, არამედ, კავკასიური კვლევებისა. ისეთივე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კავკასიის ენები, ისტორია, ხალხები, როგორც საკუთრივ ქართველები, ქართველთა ისტორია და საქართველო. ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ. კათედრა, რომელიც 1933 წელს დაარსდა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას მიერ, შემდგომში გაერთიანდა კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრასთან ერთად და დღეს არის ერთადერთი სტრუქტურა ჩვენს უნივერსიტეტში, უნიკალურია რეგიონის მასშტაბით და მთელს მსოფლიოშიც ვინაიდან კავკასიის ყველა ხალხთა ენებსა  და ისტორიებს ვსწავლობთ"- განაცხადა თსუ პროფესორმა მერაბ ჩუხუამ. მისი თქმით, კონგრესი კი ეძღვნება ჩეჩენ მწერალს, მიხეილ ლოხვიცკის ( აჯუკ-გირეის) რომელიც თბილისში არ დაბადებულა, მაგრამ ჩამოყალიბდა, როგორც მწერალი თბილისში, იცხოვრა საქართველოში და დასაფლავებულიც არის საქართველოში. "მისი ასი წლისთავი არის სიმბოლო კავკასიური ერთიანობისა, როგორც სამეცნიერო, ისე კულტურული თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტთა ჩართულობა კონგრესში არის მეტად მაღალი კოეფიციენტით. ყველა სტუდენტს აქვს საშუალება იყოს ჩართული, როგორც მომხსენებელი.“ - აღნიშნა მერაბ ჩუხუამ.

 

კონგრესი მუშაობდა შემდეგი მიმართულებებით:ენათმეცნიერება; დარგთაშორისი ლინგვისტური კვლევები; ლიტერატურათმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ისტორია; ეთნოლოგია; ანთროპოლოგია; არქეოლოგია; წყაროთმცოდნეობა; კულტუროლოგია; სტუდენტური კვლევები. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თარიღი: 14/11/2022