საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. 

   

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ეროვნების წარმომადგენელმა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ საუკუნის წინ. ჩვენ საუკუნეების მანძილზე გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანელ ერთან. ის ვიზიტები, რომლებიც ჩემი რექტორობის პერიოდში განხორციელდა მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრი, წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები და თქვენი ვიზიტით კიდევ უფრო ვაფართოებთ ამ ძალიან მეგობრულ წრეს“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

 რექტორმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა რელიგიური ტოლერანტობისა და კავკასიის ერთიანობის საკითხებს. „ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური ტოლერანტობა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის და თბილისის სავიზიტო ბარათი. დღესაც, საქართველოში ასობით მეჩეთია იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი  მოქალაქეები სახლობენ და ასევე, არის ქართული ეკლესიები საინგილოს ტერიტორიაზე, სადაც ქართველები სახლობენ. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენი ურთიერთობები აუცილებლად უნდა განმტკიცდეს და ერთიან კავკასიაზე ვიფიქროთ. ერთიანი კავკასია არის უდიდესი ძალა მსოფლიო პოლიტიკაში. ერთად უნდა ვიყოთ და ერთად შევქმნათ ძალიან დიდი კულტურა“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

 აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) თავმჯდომარემ მუბარიზ გურბანლიმ ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. „თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დარწმუნებული ვარ, ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ეხება კავკასიის ისტორიას, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება კავკასიის მომავლისთვის. ჩვენ შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა არის უდიდესი ღირებულება და  იმედია, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა მუბარიზ გურბანლიმ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური თემის, წმინდა ნინოს ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური თემის წარმომადგენლები.

თარიღი: 28/09/2023