საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი - ლექციების კურსი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში დაიწყო თემატური ლექციები სტუდენტებისთვის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში. ლექციათა შემდგომ ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებს ქართველი და უცხოელი მეცნიერებისგან შემდგარ კოლეგიასთან გასაუბრების შედეგად შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინდივიდუალური გრანტები და რამდენიმე კვირით გაემგზავრონ გერმანიის ინსტიტუტებში სტაჟირებისთვის.

 

„პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან  წელს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს  აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც ჰქვია სტაჟირება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში.  საკმაოდ საინტერესოა ის თემები, რომელიც წელს ლექციებზე განიხილება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ე.წ. ტვინების გადინება საქართველოდან. ჩვენ საქართველოში უნდა ვეცადოთ, რომ პოსტ დოქტორალური სივრცე გავაძლიეროთ,“-განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

კვლევითი ცენტრი იულიხში (FZJ) წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (აგრუნი, ილიაუნი, სტუ, ქსუ, თსუ).  თანამშრომლობა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწყო იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტისა (IKP) და თსუ მეცნიერთა მცირე ჯგუფის (HEPI TSU) ურთიერთქმოდებით, იულიხის COSY ამაჩქარებლის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საფუძველზე. ეს საერთაშორისო თანამშრომლობა მოგვიანებით გააფართოვა სხვა FZJ ინსტიტუტებმა: ენერგიისა და კლიმატის კვლევები (IEK), ნეირომეცნიერება და მედიცინა (INM), ბიო- და გეომეცნიერებების კვლევა (IBG) და ელექტრონიკა და მექანიკური ინჟინერია (ZEA).

 

ხუთი დღის განმავლობაში “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის” (GGSB) კონცეფციის ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი, აგრუნი, ქსუ) სტუდენტებისთვის ჩატარდება ლექციების კურსი. მათ ექნებათ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და გააკეთონ მოკლე მოხსენებები რომელიმე სამეცნიერო აქტივობაზე, შესაძლებელია, მოხსენების თემა იყოს საბაკალავრო ან სამაგისტრო თემის ირგვლივ, რომელიც უკვე შესრულებულია ან იგეგმება. ასევე, გაიმართება პოსტერების სესია.

 

2013 და 2015 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება ქართველი სტუდენტებისათვის, ე.წ. "შემოდგომის ლექციები", რომელიც 2017 და 2019 წლებში გაგრძელდა იულიხის კვლევით ცენტრში (FZJ)  ახალი ფორმატით (ე.წ. "QUALI-Start-Up Lectures"), რომელშიც FZJ ინსტიტუტების (IEK, IKP, INM, ZEA, PGI) წამყვანმა მეცნიერებმა ჩაატარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები წინასწარ შერჩეული ქართველი სტუდენტებისათვის (AUG, ISU, GTU, TSU). მოხსენებების თემები იყო ფუნდამენტური მეცნიერების სფეროებიდან და მოიცავდა ლექციების კურსს ექსპერიმენტულ და თეორიულ ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, სიცოცხლის შემსწავლელ და საინჟინრო მეცნიერებებში. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ამ ღონისძიებების გარდა ქართულ უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში ტარდებოდა ტრადიციული "ვორქშოფები და საზაფხულო სკოლები" (ე.წ. GGSWHP), რომლებიც 2004 წელს დაიწყო და პანდემიის გამო (2019-2021 წწ.) შეფერხებების შემდეგ 2022 წელს კვლავ განახლდა.

თარიღი: 26/06/2023