საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტების სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკა

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელ სტუდენტთა ინიციატივით, ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა ჩართულობით, ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით 16 მაისს დასამახსოვრებელი სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკა მოეწყო. მის ფარგლებში თსუ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფმა შეძლო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრუკვეთში ქართული არაბისტიკული და სემიტოლოგიური სკოლის განვითარების ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის ფიგურის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის  სახლ-მუზეუმის მონახულება,  ადგილზე  არსებული  ექსპონატებისა და ფოტო-დოკუმენტური მასალის დათვალიერება, ოჯახური ტრადიციებისა და ინტელექტუალური გარემოს შესახებ ადგილობრივი გადმოცემებისა და ისტორიების მოსმენა, რომლებიც დაკავშირებულია გიორგი წერეთლის ცხოვრებასა -მოღვაწეობასა და მის სამეცნიერო მიღწევებთან.

 

ვიზიტის ფარგლებში თსუ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფს  ჭიათურის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც სტუმრებმა მოინახულეს იქ დაცული გამორჩეული არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ფოტო და წერილობითი მასალები, რომლებიც ამ რეგიონის ხანგრძლივი და უწყვეტი ისტორიული განვითარების თვალსაჩინო ფაქტობრივი მტკიცებულებაა.

 

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ინგა მაჭარაშვილმა და მუზეუმის ჯგუფმა სტუმრებს წარუდგინეს ინფორმაციულად საკმაოდ მდიდარი ექსპოზიცია „ჭიათურის ეპოქის შემქმნელი ადამიანები“.

 განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ სახელგანთქმულ  აღმოსავლეთმცოდნეზე – მიხეილ (მიხაკო) წერეთელსა და აკად. გიორგი წერეთელზე, რომლებმაც ქართული ორიენტალისტური სკოლა მსოფლიო ცნობადობის არეალში მოქციეს და ამ სკოლის მიღწევები საერთაშორისო  სამეცნიერო ასპარეზზე გაიტანეს. ექსპოზიციით ამ ორი მეცნიერის ცხოვრებისეული გზა წარმოჩენილი იყო, როგორც დაუღალავი ინტელექტუალური შრომის, მაღალი აკადემიური პასუხისმგებლობისა და პროფესიული ერთგულების ეტალონი, რაც სტუდენტებისთვის მოტივაციის წყაროდ უნდა იქცეს აღმოსავლეთმცოდნეობის დაუფლების სპეციალობის გზაზე.

 

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გიდის თანხლებით სტუმრებმა გზად დაათვალიერეს ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ძეგლი – მღვიმევის სამონასტრო კომპლექსი.

თარიღი: 18/05/2026