თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია იმ თსუ სტუდენტებს შეხვდა, ვინც ჭადრაკში საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში საპრიზო ადგილი დაიკავა. ტურნირი, რომელშიც თსუ სტუდენტებმა მესამე ადგილი დაიკავეს, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების გუნდებს შორის ჩატარდა.
თსუ რექტორმა სტუდენტებს წარმატება მიულოცა და მათ მსგავსი ტიპის ღონისძიებების შიდასაუნივერსიტეტო სივრცეში გადმოტანა შესთავაზა.
,,ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გიცხადებთ თქვენ და ყველა სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია ამ მიმართულებით; შეგვიძლია უფრო აქტიურად დავგეგმოთ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, სადაც უფრო მეტ სტუდენტსა და პროფესორს ექნება საშუალება, რომ ჩაერთოს და მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საუნივერსიტეტო თასის პირველი გათამაშება ჭადრაკში მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჭადრაკის შემდგომ პოპულარიზაციას. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერისტეტი და ააიპ „ჭადრაკის კლუბი 64“.
ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის თორმეტმა სტუდენტურმა გუნდმა მიიღო. შეჯიბრება ჩატარდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) წესების შესაბამისად, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა საკუთარი სტრატეგიული და ინტელექტუალური შესაძლებლობები კონკურენტულ გარემოში გამოეცადათ.
თსუ-ს სახელით სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გამოდიოდნენ: ლუკა ამბროსაშვილი, ნიკოლოზ დარსაძე, ლილე ქორიძე, მარიამ დოლაკიძე, ვასიკო შაბოვალო.
აღსანიშნავია, რომ გუნდის ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს ჭადრაკის ტურნირებსა და ჩემპიონატებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.