საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებში სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, უმაღლესი განათლების სამივე აკადემიურ საფეხურზე.პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

 

სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 06 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, ჟ. შარტავას ქ. N7). სტუდენტებს განცხადებების შემოტანა, ასევე, შეუძლიათ თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1125 ლარი) 50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი“, დაფინანსდება სემესტრული თანხის არაუმეტეს (1125 ლარი) 70%-ით.

 იხილეთ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილება, რომელიც ეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი: 07 05 03) გამოყოფილი ასიგნებიდან სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესს.

 

აღნიშნული წესის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის, სემესტრული, წლიური გადასახადის და სასწავლო გრანტის ოდენობის შესახებ. 

თარიღი: 13/03/2024