თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ფონდის საქმიანობა და მიღწეული შედეგები შეჯამდა.
ღონისძიების მიზანი იყო განათლების სფეროში ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების წარმოჩენა, წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმა და მომავალი გეგმების გაცნობა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ფონდის როლი ახალგაზრდობის განვითარებაში განსაკუთრებულად აღნიშნა.
„თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი უკვე ხუთი წელია მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ქმნის შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის. ძალიან დიდია სტუდენტთა მოტივაცია, რათა მათ შეძლონ მიიღონ აღნიშნული მხარდაჭერა, რაც მათთვის არა მხოლოდ ფინანსური დახმარებაა, არამედ დამატებითი სტიმულია პროფესიული განვითარებისა და წარმატების მისაღწევად,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიების ფარგლებში ფონდის მიმდინარე სტიპენდიანტები დაჯილდოვდნენ. მათ შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი, რომლებიც აკადემიური მიღწევებითა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან. ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სასტიპენდიო პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს განვითარების შესაძლებლობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აკადემიური წრეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ფონდის საქმიანობა და აღნიშნეს მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის მიმართულებით.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი უკვე ხუთი წელია აქტიურად მუშაობს განათლების ხელშეწყობის, ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით და მომავალშიც განაგრძობს ახალგაზრდების მხარდაჭერას.