ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროპული წიგნის გამოფენა რომელიც ევროპის დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ: „გამოფენაზე წარმოდგენილია ევროპაში, სხვადასხვა ევროპულ ენაზე გამოცემული წიგნები, მათ შორის ყველაზე ძველი მე-15 საუკუნის გამოცემაა. ეს იმის ნიშანია, რომ ქართული საზოგადოება ეცნობოდა ევროპულ ლიტერატურას და მეცნიერებას. მსოფლიოს მუზეუმები ნამდვილად იტრაბახებდნენ ამ გამოცემებით, რომელიც ექსპოზიციაშია წარმოდგენილი.“
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ საქართველოს საბიბლიოთეკო ფონდის უძვირფასესი ნიმუშები: XVI-XVII საუკუნეში ევროპაში დასტამბული წიგნები, მათ შორის საქართველოში დაცული ყველაზე ძველი ნაბეჭდი წიგნი - უნიკალური ინკუნაბულა „წმინდა იერონიმეს ცხოვრება“ (1484 წ.) და ერაზმ როტერდამელის „საუბრები“ (1526 წ., ამსტერდამი).
ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო „ბორჯომის კოლექციის“ ტიპოგრაფიულ ნიმუშებს, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით 1936 წელს საფრანგეთიდან დაბრუნდა და თსუ-ს გადაეცა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
ევროპული წიგნის გამოფენა თსუ ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა და კვირის ბოლომდე გაგრძელდება.