საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი ჩხენკელის პირადი დღიურებისა და საქმიანი წერილების პრეზენტაცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართველი დიპლომატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებული კრებულის პრეზენტაცია გახსნა. გამოცემა, რომელიც თსუ ბიბლიოთეკამ მოამზადა, აკაკი ჩხენკელის პირად დღიურებსა და საქმიან წერილებს მოიცავს.

 

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე,  ქ.თბილისის საკრებულოს წევრი კახაბერ ლაბუჩიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში აკაკი ჩხენკელის ღვაწლზე ისაუბრა. „ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ ამ კრებულის პრეზენტაცია 25 თებერვალს, რადგან ეს დღე არის სიმბოლური აკაკი ჩხენკელის ცხოვრებაში და მეორეს მხრივ, ეს არის დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში აღარასდროს უნდა განმეორდეს. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა ჩვენი ქვეყანა დაიპყრო და 70-წლიან ტყვეობაში ამყოფა, რომელმაც შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამ კრებულის გამოცემა, ასევე, ის აქტივობები, რომელიც მისი 150 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა, არის დაფასება  დიდი პოლიტიკური მოღვაწისა. ვფიქრობ, უნივერსიტეტმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სხვა ღვაწლმოსილ პოლიტიკოსებზეც უნდა მოამზადოს გამოცემები,  ვინაიდან ამ ადამიანებმა შექმნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

 „საქმიანი წერილები, საუბრის ჩანაწერები და ოქმები“ აკაკი ჩხენკელის პარიზში საქართველოს ელჩად მოღვაწეობის პერიოდს სრულად მოიცავს. გამოცემის პირველ ტომში შესულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის ჩხენკელის მიერ გაგზავნილი საქმიანი წერილები და დირექტივები. აქვეა საუბრის ჩანაწერები იმ ხანის ევროპის არაერთ ცნობილ პოლიტიკოსთან და თანამდებობის პირთან. წერილები და საუბრის ჩანაწერები 1921-1939 წლების პერიოდს მოიცავს. გამოცემის მეორე ტომი სხვადასხვა უცხოენოვან დოკუმენტს აერთიანებს, რომლებიც ჩხენკელის ავტორობით ან მისი მონაწილეობით შეიქმნა. დოკუმენტებს თან ახლავს ქართულენოვანი თარგმანი. ორტომეული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.

 

თსუ ბიბლიოთეკის დირექტორის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიუძღვნა  ორი გამოცემა. „ვფიქრობ, ორივე გამოცემა საინტერესოა როგორც საქართველოს ისტორიით დაინტერესებულებისთვის, ასევე ფართო მკითხველისთვის და ყველა დიპლომატის სამაგიდო წიგნი გახდება“, -აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

 

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თსუ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა.

 

აკაკი ჩხენკელის დაბადების 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, ქ. თბილისის მერია.


 

თარიღი: 25/02/2025