საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ჯაბა სამუშია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 101 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებები გაიმართა.  თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ფაკულტეტის დეკანთან და პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ქართული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებლის, უნივერსიტეტის  ერთ-ერთი დამფუძნებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით ცნობილი ქართველი ეკონომისტის, აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

1922 წლის 30 ივლისს, ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცადინეობით, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

 

ამავე დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იჭედება ქართული ეკონომიკის ხვალინდელი დღე. თქვენ სულ რამდენიმე წელში საკუთარ თავზე  აიღებთ იმ დიდ ტვირთს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის მართვა ჰქვია. მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სკოლის წევრები,“- მიმართა თსუ რექტორმა სტუდენტებს.

 

უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა პროფესორ ნოდარ ხადურის წვლილზე, რომელიც მან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეიტანა.,,პროფესორი ნოდარ ხადური იყო ადამიანი, რომელიც 4 წელი მართავდა ქართულ ფინანსებს და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში.“

 

კონფერენციაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა როგორც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურს გამოწვევებსა და მიღწევებს, ისე  მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებას.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საუკუნეზე მეტია არსებობს და ინარჩუნებს ლიდერობას რეგიონის მასშტაბით.

 

1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას საფუძველი ჩაეყარა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტთან, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეკონომიკური ფაკულტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტს სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად.     

თარიღი: 01/08/2023