საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ინდაურის ეკონომიკით“ გამოწვეული წინასაახალწლო პროტესტი და ეკონომისტის მეგობრული რჩევები

როდისაა ყველაზე დიდი ფუსფუსი და ალიაქოთი ქვეყანაში? - ცხადია, შობა-ახალი წლის მოლოდინში, როცა გარდა საჩუქრებისა ძვირადღირებულ სუფრებზეც უნდა ვიზრუნოთ და მთელი წლის ნაგროვები თანხა ერთ დღეში – 31 დეკემბრის ღამის 11 საათამდე გავატანოთ ქარს. რა გვაწუხებს ყველაზე მეტად? – ის, რომ გოჭი საახალწლოდ ასეულ ლარებს ეთამაშება, პატივცემულმა ინდაურმა კი ძალიან გაგვიძვირა თავი. 
როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი არც ისე ხვავრიელია? პასუხი ყველამ ვიცით (საბნის შესაძლებლობის მიხედვით გაწვდენის გამოცდილება გვაქვს), მაგრამ პროფესიონალ ეკონომისტს რჩევა მაინც ვკითხეთ.
რა თქვა ამ „დილემის“ თაობაზე თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცორებულმა პროფესორმა ბადრი რამიშვილმა?

- კარგა ხანია საქართველოში დამკვიდრდა ტერმინი - „ინდაურის ეკონომიკა“, რაც ალეგორიულად სულაც არ მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის მესვეურებზე (ასეთ შემთხვევაში სხვა შინაური თუ გარეული ფრინველების ხსენება უფრო მართებული იქნებოდა). ის უფრო იმ რთულ ვითარებას აღწერს, რაც საქართველოში სუსტი ეკონომიკისა და ფსევდო ტრადიციის შედეგადაა გამოწვეული. წლებია, ეს პატივცემული ფრინველი ლარის კურსის სტაბილიზება-გამყარებასთან ასოცირდება, რასაც მიმდინარე წელსაც შეიძლება დავაკვირდეთ. საახალწლო ხარჯები ასეთ ცვლილებებს რომ იწვევს, ეს ცალსახად მიუთითებს რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე და ასევე 1960-იანი წლებიდან საქართველოში დამკვიდრებულ ე.წ. ტრადიციაზე, რაც სუფრის, უფრო სწორად კი, ღრეობის კულტსა და ახალი წლის შესაბამისად აღნიშვნას უკავშირდება. ხაზს ვუსვამ, ეს სწორედაც რომ ფსევდო ტრადიციაა, რაც სულ რამდენიმე ათწლეულს ითვლის და რამაც იმ დროს დაჩრდილა გაცილებით დიდი ზეიმი - შობა, რაც საბჭოთა საქართველოში, ძირითადად, ღრეობის გაგრძელების მოტივით თუ ახსენდებოდა ვინმეს. 
ისტორიულად ამ „ხანგრძლივი სუფრის“ საფუძველი არც საქართველოს ეკონომიკურ პროფილში და არც ქართველთა კვების კულტურაში არ მოიძიება. ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს მარხვის კალენდარიც, რაც მისი დაცვისკენ თუ არა, ზომიერებისკენ მაინც გვიბიძგებს. ე.წ. საახალწლო ბიუჯეტი, რაც არაპოსტსაბჭოთა ქვეყნებში საშობაო ბიუჯეტია, ძირითადად, საჩუქრების, საზეიმო აქსესუარების (საშობაო ნაძვის ხე და ა.შ.), გასართობი ღონისძიებების, სამოგზაურო ანაც სუფრის ხარჯებს მოიცავს. საქართველოში ამ უკანასკნელს, სხვა ქრისტიანული ქვეყნებისგან განსხვავებით, გაცილებით დიდი წილი უკავია ხარჯების მთლიან სტრუქტურაში. არადა ზომიერება სასიცოცხლო მნიშვნელობასაც კი იძენს. ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას რომ თავი დავანებოთ, ზედმეტი ნაყროვანებით გამოწვეული შოკებიც ხშირია, რასაც მეტად მძიმე პოსტსაზეიმო პერიოდიც მოჰყვება - უკეთეს შემთხვევაში, იფურჩქნება ფიტნეს-ბიზნესი, უარესში - სამედიცინო ბიზნესი, მთლად ცუდ შემთხვევაში კი... თუმცა ამისგან ღმერთმა ყველა დაიფაროს. 
უნდა გვახსოვდეს, რომ ზრდასრული ადამიანის კვების ფიზიოლოგიური ნორმა პროფესიის, სქესისა და წონის მიხედვით, ძირითადად, 2000-3500 კკალ შორის მერყეობს, ერთი 200 გრამიანი საცივის ულუფა კი უკვე 600 კკალ-ია, იმავე რაოდენობის ხაჭაპურისა - დაახლოებით 500, ნამცხვრებმა კი ამ მაჩვენებელს შეიძლება 2-ჯერაც გადააჭარბოს. კალორიულობა სასმელსაც აქვს, ერთი ლიტრი ღვინის ენერგეტიკული ფასეულობა 600-700 კკალ-ია, არყისა და კონიაკისა კი დაახლოებით 3.5-ჯერ მეტი. ზედმეტად მირთმეული საცივი, პირდაპირის გარდა, ბიუჯეტის მეორეულ ხარჯებსაც იწვევს. პირდაპირი გასაგებია, ხოლო მეორეულში კი ფიტნეს-დარბაზების, წამლების და ა.შ. ხარჯები იგულისხმება. ანუ, როდესაც 100 ლარიან ინდაურს და 30 ლარიან ნიგოზს ყიდულობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა თქვენ სახლში რამდენიმე ათას ლარიანი „განძი“ მიგაქვთ.
და, რა თქმა უნდა, საქართველოს 2020 წელს ვუსურვებ ეკონომიკური პრობლემებისა და ფსევდო ტრადიციებისგან, ინდაურს კი ლარის მხსნელის ტიტულისგან გათავისუფლებას. დაე, ახალი წლიდან ყველა ოჯახისთვის ამ პატივცემული ფრინველის სახელი ეკონომიკასთან კი არა, მხოლოდ სუფრასთან იყოს დაკავშირებული.

თარიღი: 31/12/2019