საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხოველი – სამართლებრივი დაცვის ობიექტი

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია - „ცხოველი, როგორც სამართლებრივი დაცვის ობიექტი“ - გაიმართა. ცხოველებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების სიმწირემ და ბოლო დროის ერთ-ერთმა აქტუალურმა თემამ - ცხოველებისათვის მემკვიდრეობის დატოვებამ - საზოგადოება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ცხოველის სამართალსუბიექტობასთან დაკავშირებით, რასაც წარსული სამართლებრივი სივრცის გახსენებისა და ახალი რეგულირების დაწესების აუცილებლობისკენ მივყავართ. სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხო თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია.
ცხოველის, როგორც სამართლებრივი დაცვის ობიექტის, თაობაზე მოხსენებები მოამზადეს როგორც პროფესორებმა, ისე სტუდენტებმა: კონფერენციაზე პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ ცხოველის სამართალსუბიექტობაზე ისაუბრა და მისი ნაშრომიც სწორედ რომ ცხოველის სამართალსუბიექტობის დასაბუთების ცდას შეეხებოდა. ბესარიონ ზოიძემ მომხსენებლებს, ცხოველის სამართალსუბიექტობის თვალსაზრისით, შორეული წარსულის სამართლებრივი რეგულირება გააცნო და რომაული სამართლის მიდგომებზეც ისაუბრა. პროფესორმა პაატა ტურავამ საფუძვლიანად მიმოიხილა ცხოველის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაცვის ობიექტის, საკითხი. ცხოველის, როგორც სისხლის-სამართლებრივი დაცვის ობიექტის, თაობაზე მომხსენებელმა თემურ ცქიტიშვილმა ისაუბრა. იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ კი ცხოველების სამართლებრივი სტატუსი და მორალური ფაქტორები მიმოიხილა. კონფერენციის მიმდინარეობისას მომხსენებლებმა ისაუბრეს ცხოველის ღირსების უფლების შესახებ, ცხოველის უფლებების დაცვის თაობაზე ინგლისურ-ამერიკულ სამართალში, ცხოველის სამართლებრივ მდგომარეობაზე გერმანულ კერძო სამართალში და ა.შ.
დისკუსიის ფორმატში საუბარი წარიმართა ცხოველის დაცვის მნიშვნელობასა და ცირკში ცხოველების წვრთნით წარმოშობილ საფრთხეებზე. დისკუსიამ ხელი შეუწყო მოხსენებებში წარმოდგენილი პრობლემების განხილვას და ცხოველის, როგორც სამართლებრივი დაცვის ობიექტის, მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თარიღი: 23/02/2020