საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შემაჯამებელი ღონისძიება

თსუ-ში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ 2019 წელს განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შედეგები, 2020 წლის პრიორიტეტები და გეგმები.
„ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა თსუ-ის მეცნიერების მიერ წარმოდგენილი პროექტებია“, - ამის თაობაზე თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფონდის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა: „დეტალურად ვისაუბრეთ მეცნიერების მიღწევებზე და განვითარების საკითხებზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგა პროექტი, სადაც დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევით პროცესს. ქართველ მეცნიერებთან ერთად სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩართული იქნებიან უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, გვექნება ერთობლივი კვლევები მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკაში.“
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო კვლევების დაფინანსების, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების განვითარების და ინტერნაციონალიზაციის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „2019 წელს 32 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი დაფინანსდა როგორც სამეცნიერო კვლევების, ისე მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით. 2020 წელს ვგეგმავთ, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, გაყალბებული ისტორიის წინააღმდეგ სერიოზული მეცნიერული ბრძოლა ვაწარმოოთ. ასევე, ვგეგმავთ ქართველოლოგიური კვლევების გაძლიერების კუთხით, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ნაწილში მეტი პრიორიტეტი გამოვყოთ. მნიშვნელოვანია მომავალი წლიდან, რუსთაველის კაბინეტების, ქართველოლოგიური ტიპის კაბინეტების შექმნა ევროკავშირის უნივერსიტეტებში.“
2019 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის კუთხით არაერთი პროგრამა განახორციელა. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო პროგრამა CARYS გამოცხადდა. გარდა ამისა, დაწესდა რამდენიმე სახელობითი სტიპენდია, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით უკვე გამოვლინდნენ. წელს პირველად სამეცნიერო ფონდმა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით ახალი საგრანტო კონკურსები გამოაცხადა, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს ოკუპირებული და საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ, წელს გამარჯვებული პროექტების 50% თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით.

თარიღი: 18/02/2020