საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ღია კარის დღე მულტიმედია ცენტრში

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცენტრის სასწავლო პროგრამას, მოქმედ პროექტებსა და, ზოგადად, იმ გარემოს გაეცნენ, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალ ჟურნალისტებს ამზადებს. ღია კარის დღის ფარგლებში მოეწყო ჟურნალ „გზავნილის“ ნომრების გამოფენა, რომელსაც სტუდენტები სასწავლო კურსის „ბეჭდური მედია - პრაქტიკუმის“ ფარგლებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის  მაია ტორაძის ხელმძღვანელობით გამოსცემენ. ჟურნალში მოცემულ სტატიებში სტუდენტები სხვადასხვა რეგიონებში არსებულ ვითარებაზე წერენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოებიც. 
„ჩემს მოსწავლეებთან ერთად მოვედი, რათა მათ საუნივერსიტეტო გარემო გავაცნო. ამ უნივერსიტეტისგან ტრადიციულ ღირებულებებზე დამყარებულ, ინოვაციური მეთოდებით სწავლებას ველით. მეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ და არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ თსუ პირველი უნივერსიტეტია საქართველოში“, - გვითხრა თბილისის #72 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირმა კაკუშაძემ.
მოსწავლეებს მულტიმედია ცენტრში არსებული ტელე-სტუდია, სამონტაჟოები, ტექნიკური აღჭურვილობა და ზოგადი გარემო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა თამარ ბელქანიამ გააცნო. 
„მულტიმედია ცენტრი  სტუდენტებისთვის მულტიმედიური განათლების მიცემას გულისხმობს. თანამედროვე ეპოქა თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნას მოითხოვს და ჩვენი მედია-სკოლა ამ გამოწვევას თავისუფლად პასუხობს. გამოვფინეთ მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ჟურნალები, რომელსაც სტუდენტები ამზადებენ. ისინი იღებენ ფოტოებს, აკაბადონებენ ჟურნალებს, წერენ წერილებს, მუშაობენ რედაქტორის სვეტზე. მომავალი ჟურნალისტები სწავლობენ ფოტოს გადაღების კულტურასაც და ღია კარის დღეზე წარმოდგენილი ფოტოები ამის დასტურია. გვაქვს ე.წ. ნიუსრუმი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი ახალი ამბების მოსამზადებლად. მოქმედებს საეთერო, 3 სტაციონარული და გადაღებაზე გასატანი რამდენიმე ვიდეოკამერა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ ჟურნალისტები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ, რაც თანამედროვე მედიაბაზარზე არსებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა თამარ ბელქანიამ.
ღია კარის დღეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილეც ესწრებოდა. თეონა მატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ მულტიმედია ცენტრში არსებული გარემო მოსწავლეებს ჟურნალისტის პროფესიით უფრო მეტად დააინტერესებთ და სწავლის გასაგრძელებლად არჩევანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერებენ.

თარიღი: 25/10/2019