საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ანბანის წარმოშობის დროის შესახებ ახალი კვლევა ახალი მიდგომით

სულ ახლახან ვარშავაში გამომავალ ქართველოლოგიურ ჟურნალში (PRO GEORGIA. JOURNAL OF KARTVELOLOGICAL STUDIES (# 31, 2021, გვ. 101 -113) დაიბეჭდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის მარიამ ჩხარტიშვილის სტატია — „ნარატიული წყაროები ქართული ანბანის შექმნის შესახებ“ (Narrative Sourceson the Creation of Georgian Alphabet). სტატიის ქართულ ვარიანტსაც მალე იხილავს საზოგადოება. თუმცა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ საშუალებით გაგაცნობთ იმ ვერსიებს ქართული ანბანის წარმოშობის დროის შესახებ, რომელზეც მარიამ ჩხარტიშვილი გვესაუბრება.

 

წინაპირობა

 

ქართული ანბანის წარმოშობის დროით ჩემი დაინტერესების თაობაზე უნდა გითხრათ, რომ ამ საკითხით ახლა არ დავინტერესებულვარ. უკვე მრავალია წელია დისკუსიას ამ საკითხს გარშემო თვალს ვადევნებ და პირველი ნაშრომები მასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს გამოვაქვეყნე. ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში, ანუ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ვიკვლევდი ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ჰაგიოგრაფიულ ციკლს. ამ თხზულებას იმ ხანად IX საუკუნეზე ადრინდელ ძეგლად არ მიიჩნევდნენ. მე კი კვლევის შედეგად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ციკლის პროტოძეგლი შეიქმნა ქართლის სამეფოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდგომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით მეოთხე საუკუნის შუა ხანებში. აი, ამიტომ, მაშინ ჩემს წინაშე დაისვა კითხვა — თუ რომელი ანბანით უნდა ყოფილიყო ჩაწერილი ეს ძეგლი.

 

რა ორი პოზიცია უპირისპირდებოდა ერთმანეთს?

 

ქართულ სამეცნიერო სივრცეში მიმდინარეობდა დისკუსია ქართული ანბანის წარმოშობის დროსთან დაკავშირებით. ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი პოზიცია: ქართული ანბანი წარმართულ ეპოქაში წარმოიშვა (1); ქართული ანბანი ქრისტიანული ეპოქის პროდუქტია(2). ამ დისკუსიაში ჩართვას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემთვის მაინც ხომ უნდა გადამეწყვიტა ეს საკითხი. სხვაგვარად „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ციკლის ისტორიაზე მუშაობა შეუძლებელი გახდებოდა. გარკვეული იმპულსი მომცა ამ დროს აკადემიკოს თ. გამყრელიძის სტატიის და მონოგრაფიის გამოსვლამ. მკვლევარი ქართულ ანბანს ქრისტიანობის მიღების შემდეგ შექმნილად მიიჩნევდა. მაგრამ მეცნიერის მიერ მოყვანილი არგუმენტები ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო. ამიტომ თ. გამყრელიძის თვალსაზრისის განხილვას მაშინვე ორი კრიტიკული წერილით გამოვეხმაურე. საკითხს დავუბრუნდი 2018 წელს, როცა ვამზადებდი მონოგრაფიას — „საქართველო III-V საუკუნეებში. ხოსროვანთა სამეფო სახლის ისტორია (თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2018, 303 გვ.) ქართველი ხოსროვანების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია მეფე ბაკურ თრდატის ძე, რომელიც ქართლის სამეფო ტახტზე იყო მეხუთე საუკუნის დასაწყისიდან ვიდრე ათიანი წლების შუა ხანებამდე. აი, ეს მეფე ერთ-ერთმა მკვლევარმა ყოვლად უსაფუძვლოდ დაასახელა ქართული ანბანის შემოქმედად. აქ უნდა შევნიშნო: ის მეცნიერები, რომლებიც ქართული ასომთავრულის ქრისტიანულ ეპოქაში შექმნას უჭერენ მხარს, სხვა პრობლემებთან ერთად, არიან შემდეგი დიდი პრობლემის წინაშე: მათ ქართული ანბანის შემქნელის დასახელება არ შეუძლიათ, მაშინ, როცა ქრისტიანულ ეპოქაში სხვა ხალხების ანბანების შემქმნელთა დიდი ნაწილის სახელები ცნობილია. ამიტომ აზრმა ბაკურის შესახებ მხარდაჭერა ჰპოვა ზოგი მეცნიერის მხრიდან. შესაბამისად, საჭირო გახდა პასუხი ამ უსაფუძვლო მოსაზრებაზე, რაც გავაკეთე კიდეც ზემოთ ხსენებულ წიგნში. დაბოლოს, ამ წლის დასაწყისში მომიწია კრიტიკული წერილის დაწერა უცხოელი კოლეგების მიმართ, რომლებიც არასწორად აშუქებდნენ საქართველოს ისტორიის საკითხებს. ასე რომ, ჩემი ინტერესი ქართული ანბანის წარმოშობის დროის საკითხის მიმართ რამდენიმე ათწლეულს ითვლის.

 

შეხედულება ქართული ასომთავრულის წარმართული ეპოქის პროდუქტად მიჩნევის შესახებ

 

მე მხარს ვუჭერ წარმართულ ეპოქაში, კერძოდ კი, ფარნავაზის დროს (ძვ.წ.4-3 სს.) შექმნის შესახებ მოსაზრებას. როგორც იცით, „ქართლის ცხოვრებამ“, კერძოდ, ისტორიკოსმა ლეონტი მროველმა სრულიად ცალსახა ცნობა შემოგვინახა ამის შესახებ: ცენტრით მცხეთაში ქართული სახელმწიფოს დამაარსებელმა მეფე ფარნავაზმა განახორციელა მთელი რიგი რეფორმებისა, რომელნიც ქართული იდენტობის განმტკიცებას უწყობდა ხელს. მაგალითად, შექმნა ექსკლიზურად ეთნიკური ქართველებისათვის რელიგიური პანთეონი უზენაესი ღვთაების არმაზის მეთაურობით, ქართულ ენას მიანიჭა სახელმწიფო სტატუსი. ამ ვითარებაში ანბანის შექმნა ლოგიკური აუცილებლობა იყო. ის, რომ ფარნავაზის დროიდან წარწერებმა ჩვენამდე არ მოაღწია, არავითარი არგუმენტი არ არის. უზარმაზარი დრო გვაშორებს ამ ეპოქისაგან. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობაზე მოქცევა გამოიწვევდა ანბანის შემცველი არტეფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას: ისინი ხომ სწორედ რელიგიური შინაარსის საკულტო დანიშნულების ტექსტები უნდა ყოფილიყო. თუმც ისტორიული ჩანაწერი ამ ეპოქიდან შემოგვრჩა და ეს „მოქცევაი ქართლისაიში“ წარმოდგენილი ცნობებია ქართლის სამეფოს დაარსების შესახებ. მოკლედ, წყაროს „უდანაშაულობის პრეზუმპციის“ პრინციპის თანახმად, ეს ცნობა ეჭვის საფუძველს არ იძლევა. მიუხედავად ამისა, მას ნდობით არ ეკიდებოდა და დღესაც არ ეკიდება ზოგი მკვლევარი. ამ დამოკიდებულებას სათავე დაუდო ივანე ჯავახიშვილმა, რომელმაც, ჩემი აზრით, ზედმეტად კრიტიკულად შეაფასა ლეონტი მროველის შემოქმედება. ამიტომაც მეცნიერი ამ ისტორიკოსს, უმეტეს შემთხვევაში, არ ეყრდნობოდა თავის სამეცნიერო პრაქტიკაში. ანბანთან მიმართებითაც ი.ჯავახიშვილმა იგივე პოზიცია დაიკავა, ანბანის წარმოშობის დროის გარკვევა მან თავად ანბანის ანალიზით გადაწყვიტა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ წარმართულ ეპოქაში ვარაუდობდა ქართული ანბანის შექმნას, ცნობას მეფე ფარნავაზის მიერ ქართული ანბანის შემოღების შესახებ ი.ჯავახიშვილი ნდობას არ უცხადებდა. ის ქართული ანბანის წარმოშობას ფარნავაზზე ბევრად ადრე ვარაუდობდა. ი.ჯავახიშვილის ღვაწლი უდიდესია თავად ქართული ანბანის კვლევაში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ ანბანის ანალიზზე დამყარებული ისტორიული რეპრეზენტაცია რჩება დეტალების გარეშე: ვერ ვუთითებთ მისი შექმნის ზუსტ დროს და კონტექსტს, ვერ ვასახელებთ ისტორიულ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ანბანის შექმნაში.

 

მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა რ. პატარიძესაც, რომელმაც ასევე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თავად ქართული ანბანის ანალიზში, წარმოაჩინა მისი გრაფიკული საფუძვლები და ის ფაქტი, რომ ქართული ასომთავრული ანბანი წარმართული მსოფლხედვის ნაყოფს წარმოადგენს. ამგვარად, რ.პატარიძეც ქართული ანბანის წარმოშობას უკავშირებდა წარმართულ ეპოქას, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცნობას ფარნავაზის მიერ ანბანის შექმნის შესახებ ისიც არ უცხადებდა ნდობას, ამ ფაქტს რ. პატარიძეც ფარნავაზზე ადრე ვარაუდობდა.

 

ასეთივე იყო თ. გამყრელიძის დამოკიდებულებაც ქართული წყაროსადმი, თუმც თ.გამყრელიძე, განსხვავებით ი.ჯავახიშვილისა და რ.პატარიძისაგან, ქართულ ანბანს ქრისტიანულ ეპოქაში შექმნილად მიიჩნევდა. ის თვლიდა, რომ ლეონტის ცნობა უნდა გავიგოთ როგორც ალოგლოტოგრაფიული ჩაწერა და არა ქართული ასომთავრულის შექმნა, თუმც ამ ვარაუდისათვის არავითარი დოკუმენტი არ არსებობს და მისი დასაბუთება შეუძლებელია.

 

ქართული ანბანის ისტორიის აღსადგენად სამივე დასახელებული მკვლევარი არ იყენებდა არც სომხური ნარატიული წყაროების მონაცემებს. ამგვარად, ძალიან უცნაური ვითარება იყო შექმნილი: არსებობდა ქართული ანბანის შესახებ პირდაპირი ინფორმაციის შემცველი წერილობითი წყაროები და ქართველი მკვლევრები არცერთს არ იყენებდნენ.

 

ჩემს ზემოთ ხსენებულ სტატიაში კი გაანალიზებულია ყველა არსებული ნარატიული წყარო და სწორედ მათი შეჯერებით არის აღდგენილი ქართული ანბანის ისტორია — აი, ეს არის ახალი ჩემს გამოკვლევაში (ყველა ნარატიული წყაროს საფუძველზე ისტორიული რეპრეზენტაცია).

 

სომხური წყაროები ქართული ანბანის შექმნის ისტორიაზე

 

ქართული და სომხური წყაროების ცნობები ურთიერთგამომრიცხველად წარმოედგინათ მეცნიერებს. მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არაა. ქართული წყარო ეხება ქართული ანბანის შექმნის ფაქტს, ხოლო სომხური წყარო — მესროპ მაშთოცის მცდელობას — შეცვალოს წარმართული ქართული ანბანი ახლით, ქრისტიანულით. სომხური წყარო აუცილებლად ქართულ წყაროსთან ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ადეკვატურად განვმარტოთ იგი: შეუძლებელია მესროპ მაშთოცის შემთხვევაში საქმე ეხებოდეს შექმნას, რადგან შექმნის შესახებ ინფორმაცია ქართულ წყაროში არის მოცემული და არავითარ საფუძველს არ გვაძლევს ეჭვისათვის.

 

აქ მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ ორ კითხვას: „რატომ უნდა ჰქონოდა მესროპს ასეთი უცნაური სურვილი, შეეცვალა მეზობელი ხალხის საუკუნეებით გამოცდილი ანბანი ახლით“? და მეორე: „მოახერხა კი მან ეს“?

 

მესროპ მაშთოცის ეს სურვილი და მცდელობა მის განსახორციელებლად კარგად იხსნება ისტორიული კონტექსტით. მაშთოცი იყო გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე, რომელიც ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანობის განმტკიცებას და წარმართობის ნაშთების აღმოფხვრას. მთელ სამხრეთ კავკასიას მისი საქმიანობა კი იმიტომ სწვდებოდა, რომ ის ცდილობდა ანტიირანული კოალიციის ჩამოყალიბებას. ამგვარი აქტივობისას ის მარტო არ იყო. მას ბიზანტიის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ისე ჩანს, რომ უშუალოდ ბიზანტიის იმპერატორისაგან იღებდა კიდეც ინსტრუქციებს. როგორც ნაჩვენებია, სპეციალურ ლიტერატურაში, ბიზანტიური „კულტურული წრის“ ხალხთა თანამეგობრობის შექმნის პროექტის ფარგლებში, ბიზანტია შეეცადა ქრისტიანობაზე ახლად მოქცეული ხალხებისათვის ახალი ქრისტიანული ანბანების შექმნის პროექტის ამოქმედებას. მაშთოცი ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე ჩანს. ბიზანტიის ინტერესს მან დაამთხვია სომხეთის ინტერესი და დიდი კულტურული მოძრაობა დაიწყო თავის ქვეყანაში. მაშთოცმა ბიზანტიური პროექტი სომხეთში წარმატებით განახორციელა და შექმნა ახალი ქრისტიანული დამწერლობა. ეს პროცესი ძალიან დეტალურად აქვს აღწერილი მის ბიოგრაფს კორიუნს.

 

იგივე პროექტის განხორციელება სურდა, ცხადია, მაშთოცს ქართლშიც და ამიტომაც ესტუმრა ქართლს მეხუთე საუკუნის პირველ ათწლეულებში ორჯერ. ქართლის სამეფო კარზე იგი პატივით მიიღეს, სავარაუდოდ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყნის გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე იყო, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მესროპ მაშთოცი კავკასიაში, ფაქტობრივ, ბიზანტიის წარმომადგენელი გახლდათ. მაგრამ პატივით მიღება, ცხადია, არ ნიშნავს აუცილებლობით იმას, რომ ქართლში ქართულ ანბანთან დაკავშირებით მაშთოცის პროექტის იმპლემენტაციას გეგმავდნენ ან ამის რეალიზება მოახდინეს.

 

აქ კიდევ ერთ კითხვაზეა საჭირო პასუხი: „საიდან ვიცით, რომ მესროპის პროექტი ქართულ სინამდვილეში არ განხორციელებულა“? პასუხი მარტივია: ამას გვიჩვენებს თავად ქართული ასომთავრულის ანალიზი, რომლის გრაფიკაში ასახულია წარმართული მსოფლხედვა. ეს კარგად აქვს განმარტებული რ.პატარიძეს. ასეთი ანბანი შეუძლებელია წარმართობის ნაშთების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი ქრისტიანი მოღვაწის ხელიდან გამოსულიყო.

 

თუ რატომ არ განხორციელდა მესროპ მაშთოცის პროექტი ქართლში, ამის ორი უმთავრესი მიზეზი აქვს. ქართული ასომთავრული არის სრულყოფილი სისტემა, რომელიც ზუსტად ასახავს ქართული ენის ფონეტიკას. ეს კარგადაა ნაჩვენები სპეციალურ ლიტერატურაში. მესროპის ქართლში მოსვლის დროისათვის ქართული ასომთავრული მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო აპრობირებული ქართულ სინამდვილეში. რა დაუპირისპირა ამას მესროპმა? ფაქტობრივად არაფერი, უბრალოდ ჩამოწერილი ასოები, რომლებიც მან მოხაზა ქართული ენის ცოდნის გარეშე ჯერ კიდევ სომხეთში მყოფმა. ეს არ იყო, ცხადია, ანბანი. კორიუნს დეტალურად აქვს აღწერილი — თუ როგორ შექმნა მესროპმა სომხური ანბანი დიდი ძალისხმევის და წვალების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ სომხური მისი მშობლიური ენა იყო. ქართულის შემთხვევაში მსგავსი არაფერია ნათქვამი. ცხადია, რომ კორიუნის ნათქვამი არ უნდა გავიგოთ — როგორც ქართული ანბანის შექმნა, არამედ უბრალოდ ასოების ჩამოწერა. ამ ასოებს რეალურად კონკურენციის გაწევა ქართული ასომთავრული დამწერლობისათვის, ცხადია, არ შეეძლო. ეს ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ დაინერგა მესროპის პროექტი ქართლში.

 

მეორე მიზეზია ზემოთ უკვე ნახსენები ქართლის მეფე ბაკურ თრდატის ძე, რომელიც მესროპის პირველი ვიზიტისას იყო მისი მასპინძელი. ეს გახლდათ უაღრესად ფართო თვალსაწიერის მქონე პიროვნება. უფლისწულობის დროს ბაკური ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ბიზანტიაში. აქ ის მეგობრობდა წარმართებთანაც, მაგალითად, ცნობილ წარმართ ფილოსოფოს ლიბანიოსთან, რომლის დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. ასეთი ხელისუფალი, ცხადია, იდეოლოგიური მოსაზრებების გამო უპირატესობას არ მიანიჭებდა ქრისტიანი საეკლესიო მოღვაწის მიერ შექმნილ უხარისხო პროექტს სრულყოფილ, მაგრამ წარმართობის დროს შექმნილ ქართულ ასომთავრულთან შედარებით.

 

მაშთოცის ბიოგრაფ კორიუნს, შესაძლოა, არც სცოდნოდა, რომ მისი მასწავლებლის პროექტი ქართლში არ დაინერგა. მან ამ მიმართებით მესროპის აქტივობა დაინახა და ეს დააფიქსირა. სამაგიეროდ ეს კარგად იციან მომდევნო ხანის სომეხმა ისტორიკოსებმა. უკვე მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე სომეხი ისტორიკოსი ლაზარე ფარპელი, როცა საუბრობს მესროპ მაშთოცის მიერ სომხური ანბანის შექმნაზე, არაფერს ამბობს ქართველების მიმართ. ამ მხრივ მესროპის დამსახურებაზე უფრო გვიანი ხანის სომეხი ისტორიკოსები კი პირდაპირ მიუთითებენ ფარნავაზის მიერ ქართული ანბანის შექმნას.

 

თარიღი: 31/10/2021