საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველური ენათმეცნიერების V ტომის პრეზენტაცია

23 სექტემბერს, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით, ახლად გამოცემული ქართველური ენათმეცნიერების V ტომის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული უნივერსიტეტის 100 წლისთავს მიეძღვნა. პრეზენტაცია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რამაზ ქურდაძემ გახსნა, რომელმაც ფესტივალის მნიშვნელობაზე და კრებულის შინაარსზე ისაუბრა. „მისასალმებელია, რომ ამგვარი ღონისძიება საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მასში აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ფესტივალის ფარგლებში, საინტერესო სიახლეებით წარსდგება აკადემიური საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა რამაზ ქურდაძემ. 
თსუ-ის პროფესორის, კრებულის რედაქტორის დარეჯან თვალთვაძის ინფორმაციით, ქართველური ენათმეცნიერების V ტომის პრეზენტაცია წელს კიდევ ერთ საიუბილეო თარიღს დაემთხვა: „აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში გამოცემული პირველი სამეცნიერო კრებულის პირველი პერიოდული გამოცემიდან 100 წელი გავიდა. ეს „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“ იყო, რომლის გამოცემის ასწლოვანი ტრადიცია დაიწყო უნივერსიტეტის დაარსებიდან. 1918 წელს დაარსებულმა უნივერსიტეტმა ერთ წელიწადში ბევრი რამ მოასწრო, თუნდაც ის, რომ 1919 წლის 9 აპრილის სხდომაზე საგანგებოდ განიხილეს საკითხი პერიოდული სამეცნიერო ორგანოს დაარსების შესახებ. სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველ სამეცნიერო გამოცემას „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“ დაერქმეოდა. სარედაქციო კოლეგიის წევრები კი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს არა მარტო ეს უნივერსიტეტი, არამედ მთელი ქართული მეცნიერება: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე და სპირიდონ ვირსალაძე, რომლებსაც დაევალათ პირველი ნომრის მომზადება. ძალიან მალე, 1919 წელსვე გამოიცა „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბის“ პირველი ნომერი, რომელშიც თავი მოიყარა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორთა და თანამშრომელთა ნაშრომებმა, 1922 წელს მალევე გამოვიდა მეორე ნომერიც, რომელიც უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა. ამასთან, კრებულში სხვა დარგებიც იყო წარმოდგენილი. 
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1919 წლიდან 2019 წლამდე სამეცნიერო კრებულები გამოდიოდა უწყვეტად, სხვადასხვა სახელწოდებით. 1919-დან 1930 წლამდე მას „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“ ერქვა, ხოლო 1936 წლიდან „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“ დაერქვა. 1938 წლიდან 1998 წლამდე ამ გამოცემას ერქვა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“. 30-იანი წლებიდან იწყება დარგების მიხედვით ცალკეული ნომრების გამოშვება, რადგან იმდენად მრავალფეროვანი იყო შრომები, რომ დარგობრივად დაიწყო გამოცემა. 1998 წლიდან, მას მერე, რაც უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა, შრომების კრებულების დასახელებაც შეიცვალა და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“ ეწოდა. XX საუკუნის შუა წლებში, 1944 წლიდან აკაკი შანიძემ ძველი ქართული ენის ძეგლების გამოცემა დაიწყო, 1955 წელს აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით დაარსდა სერია სამეცნიერო გამოცემისა - „ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, სადაც საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატიებია შესული. 2010 წლიდან თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის ეგიდით გამოიცემა კრებულები „ქართველური ენათმეცნიერება“, რომლის V ტომი უნივერსიტეტის დაარსების მე-100 წლისთავს მიეძღვნა“, - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ. 
ახალ კრებულში (რედაქტორები: დარეჯან თვალთვაძე, რამაზ ქურდაძე, პასუხისმგებელი მდივანი: რუსუდან მზექალაშვილი) 15 სამეცნიერო ნაშრომია დაბეჭდილი ქართულ და ინგლისურ ენაზე, მათ შორის, თსუ-ის პროფესორების - კახა გაბუნიას, ქეთევან დათუკიშვილის, რუსუდან მზექალაშვილის, დარეჯან თვალთვაძის და დოქტორანტ ეკა კვირკველიას ერთობლივი სტატია; ქეთევან მარგიანის, მერი ნიკოლეიშვილის, ნინო ბაგრატიონ-დავითაშვილის, სალომე ომიაძის, ინგა სანიკიძის, რამაზ ქურდაძის და ნინო შარაშენიძის, ასევე, დოქტორანტების: სალომე გეგეჭკორის, ლიკა შონიას, მაია მადუაშვილის, მაგული ღამბაშიძის, თამარ ჩანქსელიანის და გიორგი ჯღარკავას სტატიები.

თარიღი: 26/10/2019