საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტელი თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე 2020–ის საპატიო თბილისელებად დასახელდნენ

უნივერსიტეტელების ახალი წოდება - საპატიო თბილისელობა  - წელს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ორ ცნობილ პროფესორს ერგო. მსოფლიო პანდემიის პირობებში საქართველოში მავნე სენთან გამკლავების ორივე სტრატეგი - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე (მეცნიერების დარგში) პაატა იმნაძე  „თბილისობის“ დღესასწაულზე, კლასიკოს მწერალ გურამ დოჩანაშვილთან და პანდემიასთან ბრძოლაში გამორჩეულ შვიდ ექიმთან ერთად, საპატიო თბილისელებად დასახელდნენ. საკუთარი პროფესორების ესოდენ დაფასება, რომლებიც გამოარჩიეს თავიანთი დამოკიდებულებით საქმისა და საზოგადოებისადმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც მეტად საამაყოა.

რა განცდაა, როცა დედაქალაქის საპატიო წევრი ხდები? რამდენად გათავისებული აქვთ, რომ ყველა ახალი წოდების მინიჭება არა მხოლოდ პიროვნების ბიოგრაფიის გამდიდრებაა, არამედ იმ დაწესებულებისაც, რომელსაც წარმოადგენ? რა დამოკიდებულებით გამოირჩევიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტის, როგორც ქართული იდეისა და თბილისის სიმბოლოსადმი, თავად გვესაუბრებიან:

 

თენგიზ ცერცვაძე: „უნივერსიტეტელობა განსაკუთრებული სტატუსია“

 

— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც დიდი პატივია, რომ მისი პროფესორები საპატიო თბილისელებად აირჩიეს. რა განცდაა თბილისელობა და უნივერსიტეტელობა, ერთად? 

 

— თბი­ლი­სე­ლო­ბას სუ­ლაც არ გა­ნი­ჭებს მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ შენ თბი­ლის­ში და­ი­ბადე. ეს, უბ­რა­ლოდ, ცხოვ­რე­ბის წე­სია და, ამა­ვე დროს, დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბაა.

 

ძნელია, ერთი ან რამდენიმე წინადადებით ზუსტად განვსაზღვრო - რას ნიშნავს ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის დიდი ოჯახი. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ უნივერსიტეტთან ასოცირდება, საუკეთესო მეგობრებით და უახლოესი ადამიანებით. უნივერსიტეტელობა  - ეს არის განსაკურებული სტატუსი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება ადამიანს. იგი დიდი პატივია, სადაც უნდა იყო და რასაც უნდა აკეთებდე. არასოდეს დავტოვებ უნივერსიტეტს, რადგან აქ შევიგრძენი იმ დიდი ადამიანების სული, რომლებიც წლების განმავლობაში აშენებდნენ უნივერსიტეტს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დიდ პრესტიჟთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. უნივერსიტეტი ქართველი ერისთვის, ტრადიციულად, ცოდნის ტაძარი იყო, აქ მუშაობდნენ ლეგენდარული ადამიანები, რომელთა ღვაწლი ფასდაუდებელია. მინდა, რომ ჩვენს შემდეგაც ასეთად დარჩეს და შთამომავლობამ სათანადოდ შეაფასოს ჩვენი მოღვაწეობა.

 

— როგორ შეაფასებდით უნივერსიტეტის დღევანდელობას? თქვენი აზრით, როგორ გაართვა  მან თავი თანამედროვე მოთხოვნებს და პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესს?

 

— ბოლო წლებში უნივერსიტეტში ნამდვილად შეიმჩნევა პოზიტიური ძვრები და ტენდენციები ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, უნივერსიტეტი სწორი მიმართულებით ვითარდება და უფრო ხელშესახები შედეგის მიღწევას მეტი დრო სჭირდება. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს განსხვავებული საჭიროებების სტუდენტზე ორიენტირებული და  უწყვეტი განათლების შესაძლებლობებს.

 

დღეს პროფესორ-მასწავლებლებს გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ პანდემიის პირობებში, როგორ წარვმართოთ სასწავლო პროცესი და სამეცნიერო კვლევები. ყველა გაერთიანებული ვართ და ვცდილობთ, ერთად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული სირთულეები. ვფიქრობ, ონლაინ სწავლებაზე გადასვლით უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხი არ დაქვეითებულა, თუმცა იმ მიმართულებებში, რომლებიც მოითხოვს სტუდენტების მონაწილეობას პრაქტიკულ საქმიანობებში, იქმნება გარკვეული უხერხულობები. ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები კი ყველაფერს ვაკეთებთ სტუდენტებისთვის საჭირო განათლების მიცემის თვალსაზრისით.

 

— რას უსურვებთ უნივერსიტეტს?

 

— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლეს განათლებაში არის ლიდერი საქართველოში და დარწმუნებული ვარ, მომავალში კვლავაც გააძლიერებს თავის ლიდერულ პოზიციას, როგორც  განათლებისა და კვლევის საერთაშორისოდ აღიარებული კერა ქვეყანასა  და რეგიონში. განათლება, ზოგადად, არის ერის წინსვლისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობა და ჩვენი მოვალეობაა, შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შევუწყოთ და სრულვყოთ ეს პროცესი.

 

მინდა, ჩვენი დედა-უნივერსიტეტი იყოს ყველაზე წარმატებული და მსურს, იგი გახდეს ერთ-ერთი რეიტინგული ევროპაში. ვფიქრობ, უნივერსიტეტს აქვს საამისო რესურსი.

 

პაატა იმნაძე: „ჩემთვის უნივერსიტეტელობა ყველაზე საპატიო წოდებაა“

 

— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს და თბილისის სიმბოლოა.  რა არის ის თქვენთვის? რა განცდა გეუფლებათ იმის გამო, რომ უნივერსიტეტელი ბრძანდებით?

 

— ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, პირველ რიგში, უნივერსიტეტი. ყველა სხვა უნივერსიტეტი კი, მათ შორის ისიც, რომელიც მე დავამთავრე - სამედიცინო უნივერსიტეტი, სრული სახელწოდებით უნდა მოიხსენიო ხოლმე. უნივერსიტეტელობა კი ყველაზე საპატიო წოდებაა.

 

— როგორ შეაფასებდით უნივერსიტეტის დღევანდელობას? თქვენი აზრით, როგორ გაართვა  მან თავი თანამედროვე მოთხოვნებს და პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესს?

 

— მიხარია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში უნივერსიტეტი ყოველწლიურად იუმჯობესებს ადგილს. იმედი მაქვს, მოვესწრები რეიტინგებში მის პირველ ასეულში დასახელებასაც. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა სამედიცინო დარგში ადვილი არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა სირთულეს დავძლევთ.

 

— რას უსურვებთ უნივერსიტეტს?

 

— რეიტინგებში ყოველწლიურ წინსვლას, სამეცნიერო კვლევების კიდევ უფრო განვითარებას და სტუდენტების უფრო მეტ ჩართულობას მეცნიერებაში.

 

მოამზადა მაია ტორაძემ

თარიღი: 19/10/2020