საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტელთა მორიგი სპორტული გამარჯვება პანდემიის მიუხედავად

მოამზადა თამარ დადიანმა

 

პანდემიით გამოწვეულმა ახალმა რეალობამ  კულტურისა და სპორტის განვითარება გამოწვევების წინაშე დააყენა, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა ტიპის შეზღუდვა დააწესა ადამიანთა თავყრილობების აღსაკვეთად. ამ ფაქტმა მეტად დააზარალა სხვადასხვა სფერო და, მათ შორის, ხელი შეუშალა კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელებას. ბევრმა პროფესიონალურმა და სამოყვარულო ლიგამ ყველა კონტინენტსა და სპორტულ მიმართულებაში გადადო ან შეაჩერა სეზონები, რათა თავიდან აეცილებინა დიდი რაოდენობით ხალხის შეკრება. ასეთ დროს მნიშვნელოვანი გახდა  სპორტისა და კულტურის სექტორზე  პანდემიის უარყოფითი ეფექტის გავლენის შემცირება.

შექმნილმა სიტუაციამ, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია უნივერსიტეტებში სტუდენტების   სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაზეც.

თუ რა გამოწვევების წინაშე დააყენა  პანდემიამ  თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის  საქმიანობა, ამის შესახებ გვესაუბრება  დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ირაკლი ხარჯავანიძე.

 

— ბატონო ირაკლი, რა კვალი დაატყო თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საქმიანობას პანდემიამ?

 

— კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, პანდემიის პერიოდში, რეგულაციის ნორმების დაცვით  ახორციელებდა თავის  საქმიანობას.  თუმცა,  ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატებამ, გარკვეული თვალსაზრისით,  ჩვენი საქმიანობის შეფერხება განაპირობა. კერძოდ, გაუქმდა კულტურის დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებები, გადაიდო სპორტული შეჯიბრებები, ვარჯიშები და ა.შ.

 

— როგორ გაგრძელდა ამ პერიოდში თსუ-ის სპორტულ-კულტურული ცხოვრება, რა გამოწვევების წინაშე დადექით? 

 

— მთავარი გამოწვევა, რაც კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ჰქონდა, გახლდათ დაგეგმილი ღონიძიებების გაუქმება. სპორტული მიმართულების მხრივ გადაიდო დაგეგმილი თამაშები და შეჯიბრებები.  პანდემიის გამო შეწყდა სტუდენტების მიღება თსუ-ის სპორტულ და შემოქმედებით  ჯგუფებში (სტუდენტური თეატრი „სხვენი“, თსუ-ის სტუდენტური „კაპელა“ და ა.შ.)

 

— პანდემიის ფონზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად,  რა წარმატებებს მიაღწიეთ   სპორტისა და კულტურის მიმართულებით?

 

— თსუ-ის სპორტისა და კულტურის განყოფილება ცდილობდა აქტიურად განეხორციელებინა მისი საქმიანობა პანდემიის ფონზე.  კერძოდ, ამ პერიოდში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ: თსუ-ის ფუტსალის გუნდმა  მოიპოვა გამარჯვება ფუტსალის უმაღლეს ლიგაში, რის შედეგადაც გავიდა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე.  კულტურის დეპარტამენტიც აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარიზაციის საქმეში. თსუ-ის სტუდენტური „კაპელა“ და  ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“ ხშირად იყო მიწვეული სხვადასხვა ტელევიზიებში.

 

— სამომავლოდ რა ღონისძიებებს გეგმავთ? 

 

— თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საქმიანობა ორიენტირებულია სტუდენტების მრავალფეროვანი სპორტულ-კულტურული ცხოვრების განვითარების მიმართულებით. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა კულტურული ღონიძიებების გახორციელება: ახალი სპექტაკლის დადგმა, ჩვენი უნიკალური გუნდების მონაწილეობით კონცერტების გამართვა და სხვა. უახლოეს მომავალში იგეგმება  სტუდენტების მიღება კალათბურთის, ფრენბურთის, ფუტსალის გუნდებსა თუ  შემოქმედებით სექციებში: ფოლკლორული ცეკვების ანსამბლი „უნივერსიტეტი“, „თსუ გორდელა“, უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა თუ სხვა...

 

ასევე, აღსანიშნია ის, რომ უნივერსიტეტის სპორტული კლუბები აქტიურად ემზადებიან სხვადასხვა ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობისათვის. თსუ-ის კალათბურთის კლუბი ემზადება საქართველოს კალათბურთის სუპერლიგისათვის. გუნდი ძლიერდება ლეგიონერი მოთამაშეებით და გეგმავს ამბიციურ, სწრაფ და ფიზიკურად ძლიერი თამაშის ჩვენებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ ფუტსალის გუნდის უდიდეს წარმატებას, რაც გამოიხატება ევროპის ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაში, რომელიც, სამწუხაროდ, შეფერხებულია მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გამო. თუმცა, ჩემპიონატის განახლებისთანავე გუნდი სრულად ჩაერთვება შეჯიბრებაში და დაიცავს არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად ქვეყნის სახელს.

 

მიუხედავად ყველაფრისა, ძირითადად, მაინც დამოკიდებული ვართ ქვეყანაში არსებულ კოვიდსიტუაციის გამოსწორებაზე, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს სჭირდება გარკვეული სივრცე, კონკრეტული მოქმედების არეალი თუ თავისუფლება, რის საშულებასაც ეპიდვითარება, ამ ეტაპზე, არ იძლევა. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში გამოსწორდება არსებული სიტუაცია და შევძლებთ - სტუდენტებს ისევ მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქტი  კულტურული დასვენების,  განვითარების თუ სპორტული აქტივობების სახით.

თარიღი: 10/10/2020