საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტურიზმის სფეროსადმი მიძღვნილი აქტუალური საჯარო ლექციები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

26 სექტემბერს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა ორი საჯარო ლექცია: „ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიები“ (მომხსენებელი: თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ასისტენტ-პროფესორი მერაბ ხოხობია) და „ინოვაციური ტექნოლოგიები ტუროპერატორულ ბიზნესში“ (მომხსენებელი: თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი დარეჯან ოზმანოვი). 
საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექციების მიზანი იყო მომხსენებლების ინოვაციური იდეებისა და არგუმენტირებული მოსაზრებების წარმოჩენა ქვეყანაში ტურიზმის პოლიტიკის მიმართულებებსა და განვითარების პერსპექტივებზე. 
„ტურიზმის ბიზნესი დაკავშირებულია იმ ადგილებთან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ტურისტთა მოზიდვა. საქართველო ძალზე მიმზიდველია ტურისტთათვის, რასაც ადასტურებს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს საკმაო რესურსი და ადგილი, რაც წარმატებული დანიშნულების ადგილად შეიძლება გადაიქცეს, მაგრამ მხოლოდ ტურისტული აქტივობები და არც ისე კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის“, - აღნიშნა ეკონომიკის დოქტორმა მერაბ ხოხობიამ და სწორედ ამ საკითხების ანალიზი წარმოადგინა თავის მოხსენებაში - „ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიები“.
„ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება დაკავშირებულია საკმაოდ რთულ ოპერაციულ ფაზებთან, რომელიც მოითხოვს, ერთი მხრივ, პოლიტიკის შემუშავებას და შესაბამისი დეტერმინანტების გაანალიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, ლოგიკური კონცეპტუალური ჩარჩოს მომზადებას, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრად განვითარებას. ცხადია, რომ ტურიზმის ინდუსტრიის ფრაგმენტული ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროა ტურისტული დანიშნულების ადგილის სისტემური ანალიზი. ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული თანამედროვე ტენდენციები აქტუალურს ხდის გაანალიზდეს ტურისტული დანიშნულების ადგილის ადაპტაციის უნარი ცვალებად გარემოსთან. ცვლილებები, ფაქტობრივად, ბუნებრივი ფენომენი გახდა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული უწყვეტობასთან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ტურიზმის ინდუსტრიის და ტურისტული დანიშნულების ადგილის, როგორც სისტემის, შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მერაბ ხოხობიამ, რომელმაც საკითხების სადემონსტრაციოდ ლექციაზე როგორც ქართული, ასევე უცხოური მაგალითები წარმოადგინა. 
საჯარო ლექციაზე განხილული იყო აგრეთვე ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების კონცეპტუალური მიდგომები, კერძოდ, სისტემური მიდგომა, სცენარები, კავშირების ანალიზი; ასევე, სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მოიცავს სტრატეგიული ხედვების, მიზნების, პროგრამების იდენტიფიკაციის პროცესს.

 

* * *
ინფორმაციული იყო თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტის დარეჯან ოზმანოვის ლექცია - „ინოვაციური ტექნოლოგიები ტუროპერატორულ ბიზნესში“. მან ტურისტულ ბიზნესში ინოვაციების და ტექნოლოგიების საჭიროებების გამოვლენაზე, ტურიზმის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში ტურისტული სააგენტოების როლსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა. 
„2015 წელს გამოქვეყნდა Anne-Mette Hjalager-ის ნაშრომი „100 Innovations That Transformed Tourism“, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის გამოგონება, რომელმაც თავის დროზე, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. 
დღეს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის ფლობა და ციფრული ტექნიკა-ტექნოლოგიების გამოყენება.
სამოგზაურო ინდუსტრიაში დღეს არსებული ტექნოლოგიები, რომლებიც ესოდენ მცირე დროში გამოჩნდა და დაინერგა, კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალში ეს ტექნოლოგიები უფრო დაიხვეწება, გამდიდრდება და ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა დარეჯან ოზმანოვმა. 
მომხსენებელმა მსმენელებს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ეტაპები გააცნო, რომელიც დაჯავშნის სისტემების (TripAdvisor, iPhone, UNWTO და ა.შ.) გამოჩენას უკავშირდება. ტურიზმის სფეროში „ციფრული დამხმარის“ გამოყენება ტურისტულ სააგენტოებში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ნაყოფიერებას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც დადებითად აისახება შემოსავლებზე და მთლიანობაში კომპანიის წარმატებას განაპირობებს“, - აღნიშნა დარეჯან ოზმანოვმა. მან ტუროპერატორულ საქმიანობაში ინოვაციების დანერგვის ნაკლოვანებებზეც ისაუბრა, რაც თანამშრომელთა შემცირებაში მდგომარეობს. მისი მოსაზრებით, ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება მივიჩნიოთ ონლაინ ტურისტული სააგენტოების (მაგალითად, „ოუ-თი-ეი-ეს“ (OTAs -online travel agencies) გამოჩენა, რომლებიც ამცირებს დანახარჯებს ტუროპერატორებისთვის და მნიშვნელოვნად ზრდის სარგებელს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოში ტუროპერატორული კომპანიების საქმიანობის კვლევის შედეგად ასეთი ტენდენციები გამოიკვეთა: „ტურისტული ინდუსტრია საქართველოში ინოვაციების დანერგვას არ ჩქარობს და ბიზნესის განვითარებას მომხმარებელთა მოთხოვნის დონესა და, ზოგადად, მომსახურების დონის ზრდას უკავშირებს. 
სამოგზაურო ინდუსტრიაში დღეს არსებული ტექნოლოგიები, რომლებიც ესოდენ მცირე დროში გამოჩნდა და დაინერგა, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, თუ რა ტექნოლოგიები გადაიშლება მომავალში ჩვენს თვალწინ. ინოვაციური საინჟინრო გამოგონებები, სწრაფი დაჯავშნისა და უშუალო კავშირის შესაძლებლობები არც თუ შორეული წარსულია, თუმცა მაინც საინტერესოა, თუ რა იქნება შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტურიზმის ინდუსტრიაში და როგორ უპასუხებენ მას ტურისტული სააგენტოები და მომხმარებლები“, - განაცხადა დარეჯან ოზმანოვმა. 
მომხსენებლების ლექციამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ ლექციის ბოლოს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

თარიღი: 23/10/2019