საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტურ თვითმმართველობაში სტუდენტთა გაწევრიანების მსურველთა რიცხვი იზრდება

თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანების სურვილი სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობამ გამოთქვა. სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების ორგანიზებით გამართული საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ თვითმმართველობაში 500-მდე აპლიკაცია შევიდა. რეიტინგმა აიწია. სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ეს შედეგი სტუდენტებისა და სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შედეგია. 
„ყოველ ღონისძიებას უფრო მეტი სტუდენტი ესწრება. ისინი გვიზიარებენ მოსაზრებებს, რასაც ვითვალისწინებთ და ჩვენც ვცდილობთ, რაიმე ახალი და განსხვავებული შევთავაზოთ მათ. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა“, - აღნიშნა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა. 
„ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ ამ სემესტრშიც. განაცხადი უკვე შევიტანეთ სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოში. ველოდებით განხილვის შედეგებს. გავმართეთ პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება - „TSU Welcome Party 2019“ (საქართველოს ბანკის სპონსორობით). ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი საღამო ვაჩუქეთ.
პირველკურსელებისთვის ტრადიციულად იმართება ექსკურსიები, ამიტომ სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ყოველ დღე მატულობს“, - გვითხრა სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა ლუკა ონიანმა. 
გასულ წლებთან შედარებით წელს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების რიცხვმაც მოიმატა და უფრო მეტი სპეციალობა მოიცვა. ზაფხულის განმავლობაში განხორციელდა კვლევითი ექსპედიციები. სტუდენტებმა საკუთარი გამოცდილება და თსუ-ში მიღებული ცოდნა მოსწავლეებსაც გაუზიარეს. ამ მიზნით შეხვედრები ქუთაისისა და თბილისის საჯარო სკოლებში გაიმართა. ასევე, იმიტირებული სასამართლო პროცესები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და სახეცვლილი შემეცნებითი ვიქტორინები, მიმდინარე წელს, სტუდენტური თვითმმართველობის აქტივობის ნაწილი გახლდათ.
„ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია საქართველოს ისტორიულ ლორე-ტაშირში ჩატარდა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს. ექსპედიციის ფარგლებში იქ მუშაობდნენ ეთნოლოგები, არქეოლოგები, ფილოლოგები. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აბასთუმნის ობსერვატორიაში იმყოფებოდნენ კვლევითი ვიზიტით. თსუ-ში ბევრი სპეციალობა ისწავლება და ვეცადეთ ყველა მიმართულებით გაგვემართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები. მუდმივად ვცდილობთ კონფერენციების ხარისხის ამაღლებას, ამ პროცესში ჩვენი პროფესურა აქტიურად არის ჩართული. სტუდენტებს თემატური შემეცნებითი ვიქტორინები შევთავაზეთ; მაგალითად, ჩავატარეთ შეჯიბრი თსუ-ის ისტორიასთან დაკავშირებით. გამარჯვებულებს წამახალისებელი პრიზები გადავეცით“, - განაცხადა შოთა კეჟერაშვილმა.


სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე

სტუდენტურმა თვითმმართველობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპტიმიზაციის კომისიას 15 გვერდიანი მოხსენებაც წარუდგინა, სადაც თსუ-ში არსებული პრობლემებია ასახული. მასში განმარტებულია, თუ რა შეფერხებებს აწყდებიან სტუდენტები სასწავლო ელექტრონული ბაზით სარგებლობისას, რა ბიუროკრატიული ბარიერებია, როგორი დამოკიდებულებაა ადმინისტრაციული პერსონალის მხრიდან, რა ვითარებაა საგამოცდო ცენტრში, კიდევ სად და რა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემაა მოსაგვარებელი... დოკუმენტის შემუშავებამდე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. სტუდენტურმა თვითმმართველობამ შემაჯამებელი მოხსენება წერილობითი სახით თსუ-ის ადმინისტრაციასაც გადაუგზავნა. 
„ჩვენ გვაქვს ბერკეტი - საფაკულტეტო საბჭოები და სენატი, სადაც ჩვენ ამ საკითხებს ყველა სხდომაზე ვაყენებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მალე მოგვარდეს. კარგად გვესმის, რომ II კორპუსი და ე.წ. მაღლივი კორპუსი უცებ ვერ გარემონტდება, მაგრამ არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მოკლე ვადაშია შესაძლებელი. ამ დოკუმენტში ყველაფერი ასახულია. ეს არის ჩვენი მოქმედების ერთგვარი სახელმძღვანელო წიგნი“, - აღნიშნა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა. 


როდის გახდება ცნობილი ევროპის სტუდენტთა გაერთიანების პასუხი საქართველოს წევრ სახელმწიფოდ არჩევის თაობაზე

მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ცნობილი გახდება ევროპის სტუდენტთა გაერთიანების პასუხი საქართველოს წევრ სახელმწიფოდ არჩევის თაობაზე. მოლაპარაკებებში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჯავახიშვილია ჩართული. ევროპის სტუდენტთა გაერთიანების დელეგაცია – პრეზიდენტი და ბორდის რამდენიმე წევრი ადგილზე ვითარების გასაცნობად საქართველოს უკვე ესტუმრნენ. 
„ველოდებით მათ დასკვნას და იმედი გვაქვს, რომ დადებით შეფასებას მოგვცემენ, რადგან ამ გაერთიანებაში ჩვენი გაწევრიანება მათი მიზანიც არის. გაწევრიანების შემდეგ წამოვა ის ბენეფიტები, რომელიც ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს ეკუთვნის - გაცვლითი პროექტები, შეხვედრები, თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბევრ ქართველ სტუდენტს შეეძლება სამუშაო ვიზიტით გამგზავრება და დიდი გამოცდილების მიღება ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარჩევნო პროცესის წარმოება, დებატების კულტურა და ა.შ.“, - განაცხადა არჩილ ჯავახიშვილმა.

 

* * *
საგანმანათლებლო პროექტები, კონფერენციები, ექსპედიციები, შემეცნებითი ვიქტორინები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, ურთიერთობები საჯარო სკოლებთან, სტუდენტების უფლებების დაცვა, საგარეო კავშირების გამყარება - ამ აქტივობების გარდა სტუდენტურმა თვითმმართველობამ წელს რამდენიმე მასშტაბური კულტურული პროექტიც განახორციელა: უნივერსიტეტში ნიკოლოზ რაჭველის, ნინო ქათამაძის, ნიაზ დიასამიძის, სტეფანეს, სხვადასხვა ცნობილი არტისტების მუსიკალური საღამოები მოეწყო. სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც ეწევა - მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს თსუ-ის ლიგა ფუტსალში, ოლიმპიადები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. გააქტიურდა ტურიზმის მიმართულებაც, ხორციელდება ლაშქრობების, კლდეზე ცოცვისა და ზიპლაინის ტურები. რაც შეეხება დაფინანსებას, ეს საკითხი თვითმმართველობის პრეზიდენტმა ასე განმარტა: „თსუ ლიგის პროექტებისთვის რამდენიმე სპონსორი მოვიძიეთ, მათ შორის, „ევექსი“, ვთანამშრომლობდით ფეხბურთის კლუბ „ლოკომოტივთან“... რა თქმა უნდა, გარკვეულ პროექტებს განსახილველად სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიაში ვგზავნით, ნაწილი ფინანსდება, ნაწილი - არა, თუმცა მუდმივად ვცდილობთ გარე სპონსორების მოძიებას, რაც, რიგ შემთხვევაში, წარმატებით გამოგვდის“, - აღნიშნა შოთა კეჟერაშვილმა.

 

კენი ლარკინის კონცერტი თსუ-ის სტუდენტებისთვის

ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებზე დაფუძნებული  ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლის, დეტროიტელი არტისტის, „სოულფულ“ტექნოს შემქმნელის კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს.
„დღევანდელი საღამო გამორჩეულია, რადგან საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად სტუმრად გვყავს თავის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული და აღიარებული კენი ლარკინი. ვეცადეთ, რომ პირველკურსელებისთვის მოგვეწყო განსაკუთრებული საღამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დასაწყისი“, - აღნიშნა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა. 
ცნობილი არტისტის ელექტრონულ მუსიკაზე თსუ-ის 8 ათასამდე სტუდენტი გაერთო. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ „TSU Welcome Party 2019“-ს, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, თავად კენი ლარკინი გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე და მას გასაოცარი საღამო უწოდა.

მოამზადა ნატო ობოლაძემ

თარიღი: 20/10/2019