საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სონია უტცი: გასახარია, რომ მედიაფსიქოლოგიის შესწავლა საქართველოშიც შესაძლებელია

წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები დაემატა, რომელმაც აკრედიტაცია გაიარა და რეგიონში პირველი და ინოვაციურია. პროგრამის ხელმძღვანელი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი მარიამ გერსამია გახლავთ, რომლის ინიციატივითაც პროგრამის ფარგლებში 7-18 ოქტომბრის ჩათვლით, ტუბინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) სრული პროფესორი (Full professor for Communication via Social Media at University of Tübingen) და მედიის კვლევითი ცენტრის მკვლევართა ხელმძღვანელი (Leader junior research group Social media at the Leibniz-Institut für Wissensmedien, Tübingen) სონია უტცი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ორ სასწავლო კურსს: „სოციალური მედიის გამოყენების ეფექტები“ და „მედიაფსიქოლოგიის თეორიები და ისტორია“. ლექციებს შემოუერთდნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის და ერაზმუს-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე უცხოელი სტუდენტებიც.
მედიაფსიქოლოგიის დარგში კვლევების მნიშვნელობისა და საქართველოში ამ ახალი მიმართულების როლის შესახებ პროფესორ სონია უტცის გავესაუბრეთ.

- ქალბატონო სონია, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს მედიაფსიქოლოგიის კვლევებს, რამდენად აუცილებელია ეს მიმართულება დღეს?
- მედიაფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევა არის მედიაგარემოში ადამიანის ქცევის მეცნიერული შესწავლა. ამავე დროს, ეს არის იმ ეფექტების, მოტივებისა და მიზნების დადგენა, რომლებიც მომხმარებლის მიერ კონკრეტული მედიაპლატფორმის შერჩევაზე ახდენს გავლენას. ბუნებრივია, რაც მეტი დრო გადის, ეს მიმართულება მეტად მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ჩვენი ცხოვრების მეტი ნაწილი ეთმობა მედიას. სმარტფონები ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანების უმეტესობა თითქმის მუდმივად ქსელშია ჩართული და მუდმივ კონტაქტშია მეგობრებთან. ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას, ვუყურებთ ფილმებს, ვიგებთ რაღაც ახალს და ვავითარებთ ძველს - ანუ მედიას უკვე ყველაფრისთვის ვიყენებთ. ზუსტად ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ეფექტის/გავლენის შესწავლა. 
- სოციალური მედიის მომხმარებელი საკმაოდ განსხვავდება. მომრავლდა ტროლები, ბოტები და საკუთარი თავის ხელოვნურად შექმნილი ვირტუალური „მუზეუმები“... როგორაა შესაძლებელი მომხმარებელზე გავლენების კვლევა, თუ ხშირად არ ვიცით - ვინ იმალება ამა თუ იმ „ავატარის“ უკან?
- როგორც მედიაფსიქოლოგს, შენ გინდა, რომ გაიგო და აღმოაჩინო - თუ რა გავლენა აქვს ამა თუ იმ ჟურნალისტურ პროდუქტს ან პლატფორმას კონკრეტულ მომხმარებელზე ან/და ჯგუფზე. შესაბამისად, მკვლევარს უკვე არ აინტერესებს, თუ ვის ეკუთვნის ე.წ. პროფილი. შესაძლოა, ყალბი იყოს სახელი, ფოტო ან ნებისმიერი ინფორმაცია, მაგრამ გავლენას მაინც ვხედავთ. ექსპერიმენტში ეს გავლენები კარგად ჩანს - მასკომუნიკაციების მკვლევარი მეტად აქცევს ყურადღებას - ბოტი აზიარებს ამბავს თუ რეალური ადამიანი, ხოლო მედიაფსიქოლოგი გავლენების მიმართულებას იკვლევს და ამ მიმართულებით წარმართავს საქმიანობას.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძირითადი განსხვავება მასკომუნიკაციების კვლევებსა და მედიაფსიქოლოგიის კვლევებს შორის?
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიაფსიქოლოგიის მიმართულებითა და შესაბამისი მეთოდოლოგიით კვლევები მეტად თავისუფალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მეცნიერულ საზღვრებს სცდება. განსხვავებაა ის, რომ მასკომუნიკაციის კვლევებს ახასიათებს ერთი - ვიწრო მიმართულებით ფოკუსი. ხოლო მედიაფსიქოლოგიის კვლევები საკმაოდ ფართოა და ბევრი მეთოდის გამოყენების საშუალებას გვაძლევს. მედიაფსიქოლოგია გავლენებს, მიზნებსა და შედეგებს მეტად იკვლევს. 
- როგორც უკვე იცით, პროფესორ მარიამ გერსამიას ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა გაიხსნა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამის ამუშავება, რას მისცემს იგი მომავალ მკვლევრებს და პრაქტიკოს ჟურნალისტებს?
- ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ რეგიონში. როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ქართულ სოციალურ მედიაში. ამასთან ერთად, მედიაწიგნიერების დონეც უნდა ამაღლდეს. ზუსტად ამიტომ, საჭირო და აუცილებელიც იქნება ისეთი ადამიანები, რომლებმაც სიღრმისეულად შეისწავლეს მედიაფსიქოლოგია და მარტივად შეუძლიათ ამ მიმართულებით კვლევა და მუშაობა. ვფიქრობ, რომ მედიაფსიქოლოგიის სპეციალისტის უნარ-ჩვევების ქონა ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ დღეს ეს ცოდნა საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
- თქვენ უკვე რამდენიმე ლექცია ჩაატარეთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებთან. შეგიძლიათ შეადაროთ სტუდენტების ინტერესი და ჩართულობა? როგორც ვიცი, საქართველოში პირველად ხართ და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაც, ცხადია, პირველია. არის დაინტერესება სტუდენტების მხრიდან?
- როდესაც საკითხი სოციალურ მედიას ეხება, ირკვევა, რომ ყველა სტუდენტის ინტერესი იგივეა - განსხვავება არ ჩანს. ყველა ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ წარმოაჩინოს თავი იგივე FACEBOOK-ზე, რას იფიქრებს სხვა და ასე შემდეგ. თუმცა, როცა გადავდივართ მედიაფსიქოლოგიაზე, ჩანს, რომ აქ, საქართველოში დაინტერესება მეტია, რადგან ეს არის სიახლე და აქ სხვა მედიასისტემაში ცხოვრობთ. არსებობს მედიაორგანიზაციები, რომლებსაც არ ენდობით, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ზუსტად ამიტომ არის საინტერესო ეს მიმართულება და კვლევები. 
- შესაძლებელია თუ არა ამ კვლევებით ზოგადი ჟურნალისტური სტანდარტების ამაღლება, მედიაგარემოს შეცვლა და მკითხველის/მაყურებლის ნდობის მოპოვება?
- ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან, ზოგადად, მედიაფსიქოლოგიას იყენებენ მომხმარებლის „მოქმედების“ ან იმის კვლევისთვის, შეუძლია თუ არა მედიამომხმარებელს აღმოაჩინოს და ადეკვატურად შეაფასოს დაბალი ხარისხის მედიაპროდუქტი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვიკვლიოთ და გავიგოთ - თუ რა სურს მომხმარებელს, რა ხარვეზები გვხვდება, რა არის გასაუმჯობესებელი და ეს ინფორმაცია სხვადასხვა მედიაორგანიზაციას მივაწოდოთ. მაგალითად, შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა არის მკითხველის ან მაყურებლის მხრიდან მარტივად აღსაქმელი და ამ სტანდარტების მიხედვით ვიმუშაოთ ჟურნალისტური პროდუქტის დახვეწაზეც. მაგრამ, მთავარია ის, თუ რას გულისხმობთ ხარისხიან მედიაში. ეს მეთოდები, სამწუხაროდ, საზოგადოების მანიპულაციისთვისაც შეიძლება გამოიყენონ, მაგალითად, იგივე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
- როგორც აღნიშნეთ, ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც ნამდვილ ინფორმაციასთან შედარებით მეტად გაზიარებადია. შეგვიძლია თუ არა ამის კვლევა მედიაფსიქოლოგიის კუთხით და შემდეგ უკვე რეკომენდაციების ჩამოყალიბება და მასთან ბრძოლა?
- ხშირად ყალბი ინფორმაციის უკან კონკრეტული აქტორი დგას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეუძლია საზოგადოებას ყალბი ინფორმაციის დაფიქსირება. იმ შემთხვევაში, თუ ყალბი ინფორმაცია მიზანს აღწევს, ცხადია, ავტორისთვის ეს მომგებიანია. მაგრამ, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არის დადებითი ცვლილებები. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამას ხვდება, რადგან გამოჩნდა ფაქტების გადამოწმების პლატფორმები და საზოგადოება ამას აქტიურად იყენებს. ხოლო, მედიაფსიქოლოგიის მიმართულებით კვლევები მეტად შეაჩერებს ყალბი ინფორმაციის, პროპაგანდის და სიძულვილის ენის გახშირების პროცესს. 
- ცნობილია, რომ ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებში მეტად პოპულარულია „ტვიტერი“, ხოლო საქართველოში - „ფეისბუქი“. შეიძლება, რომ ეს გახდეს ცალკე კვლევის საგანი? როგორ უყურებთ ამას, როგორც მედიაფსიქოლოგი?
- ცუდი არის ის, რომ უბრალოდ შეუძლებელია საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევების შედეგების გაიგივება ქართულ მოსახლეობაზე ან კავკასიის რეგიონის ნებისმიერ ქვეყანაზე, რადგან პლატფორმების შერჩევის ინტერესი და კვლევის საგანი განსხვავდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს ცალკე კვლევის საგანი, რომელიც ზუსტად ადამიანის არჩევანზე იქნება ორიენტირებული. 
- დღევანდელი გადმოსახედიდან, მედიაფსიქოლოგიას საქართველოში რა შედეგი ექნება? რამდენად იმოქმედებს ამ მიმართულებით კვლევები მედიაეფექტებზე?
- ცხადია, რომ ფუნდამენტალურად ყველაფერი ვერ შეიცვლება, მაგრამ თუ დღეში ერთ ადამიანსაც კი დაეხმარება, რომ მარტივად გამიჯნოს ნამდვილი და ყალბი ინფორმაცია, მაშინ რამდენიმე წელიწადში ცვლილება თვალსაჩინო იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს სპეციალისტი მოღვაწეობას: პროფესორი გახდება, მასწავლებელი, ჟურნალისტი, რედაქტორი თუ მკვლევარი. ახლა შესაძლებელია რამდენიმე პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. პროგრამაზე წელს მცირე ჯგუფი სწავლობს და მომავალში სტუდენტთა რიცხვიც უნდა გაიზარდოს. ეს ჩემთვისაც ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ლიანა მარქარიანი

თარიღი: 21/10/2019