საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოში მომრავლებული „ფეიკ ნიუსები“ – საფრთხე, რომელიც სახელმწიფოებრივ სტაბილურობას ემუქრება

ტექნოლოგიების განვითარებამ თანამედროვე სამყაროს, უდავო სიკეთესთან ერთად, რამდენიმე სერიოზული თავის ტკივილიც შემატა. ის, რომ ინტერნეტი მკვეთრად ამარტივებს კომუნიკაციას, აფართოებს ინფორმაციის მოპოვების არეალს, იძლევა გამოხატულების თავისუფლებას და ზრდის ინფორმირებული მოქალაქეების რიცხვს, მტკიცებას არ საჭიროებს, მაგრამ, ამის პარალელურად, იმატა ყალბი, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელების პრეცედენტებმა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდებს, არამედ პოლიტიკურ ძალებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებზეც კი.
რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ყალბი ინფორმაციის (ე.წ. „Fake News“-ის) გავრცელებამ და როგორ შეიძლება მას ვებრძოლოთ? ამ საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკოსი გია აბაშიძე:
„ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრობლემა ახალი ნამდვილად არ არის კაცობრიობისთვის. ის მეტად აქტუალური გახდა 2-3 წლის წინ, როდესაც ამერიკაში მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, ევროპაში კი - ბრექსიტის (Brexit referendum) რეფერენდუმი და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. 
სოციალური ქსელი, რომლითაც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს, ნებისმიერ ადამიანს აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევს, ამიტომ, ტრადიციული ჟურნალისტიკა საკმაოდ მწვავე კონკურენცია-მეტოქეობას განიცდის „ფეიკნიუსერი“ სააგენტოების, ჯგუფების და სხვა არაკეთილსინდისიერი ადამიანების მხრიდან. ზოგადად „Fake News“-ს იყენებენ როგორც კომერციული მიზნებისთვის, ისე პოლიტიკური პროპაგანდისთვის. დგინდება, რომ ამ მეთოდებით მსოფლიოში, თუნდაც, სხვადასხვა აპოლიტიკური ონლაინ მედიასაშუალებები ძალიან კარგ ეკონომიკურ სარგებელს იღებენ“, - ამბობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩვენთან საუბარში. 


რა არის ყალბი ინფორმაცია ანუ ე.წ. „ფეიკ ნიუსი“?

ყალბი ინფორმაციის ერთი მახასიათებელია მყვირალა სათაურით გამოქვეყნებული „სენსაციური ინფორმაცია“, რომელიც ადვილად ატყუებს მკითხველს. ამგვარ ინფორმაციებზე დაწკაპუნების რაოდენობა ავტომატურად ფიქსირდება, რაც საშუალებას აძლევს მედიასაშუალების მესვეურებს, მიიზიდონ რეკლამის დამკვეთები, რადგან ინფორმაციების მნახველთა რაოდენობა მის გვერდზე ასიათასებს აღწევს. ეს სისტემა მუშაობს პოლიტიკური მიზნითაც.
„საქართველოში ყალბი ინფორმაციის გავრცელების პიკი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის „ორთაბრძოლა“ გაიმართა არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში (მაგალითად, „ფეისბუქში“, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად იყენებენ), არამედ ტელევიზიებშიც, სადაც მეტად ჩანდა ოპოზიციური ფლანგი. მაგალითად, მაშინ ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილება ტელევიზია „რუსთავი 2“ ტელესიუჟეტებში ისეთ სიყალბეს ამბობდა, რომლის განეიტრალებაც ხელისუფლებას გაუჭირდა“, - აცხადებს გია აბაშიძე.


როგორ უნდა ამოვიცნოთ „ფეიკ ნიუსი“ და როგორ უნდა დაიცვას თავი მისგან საზოგადოებამ?

გია აბაშიძე განმარტავს: „მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არსებობს მანიპულაციური მედიათხრობა, როდესაც ტყუილ-მართალი ერთმანეთში არეულია. „ფეიკ ნიუსების“ ერთ-ერთი განშტოებაა, როდესაც ჟურნალისტის პირადი პოლიტიკური მოსაზრებები საღდება, როგორც აქსიომა, როგორც ფაქტი და არა როგორც მისი აზრი. საქართველოს პოლიტიკურ რეალობაშიც გვხვდება ასეთი რამ: მაგალითად, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ, ვთქვათ, ქართული ოცნება არის რუსეთის მონა-მორჩილი, „გაზპრომის“ ფულზე დამოკიდებული და სხვ. ავრცელებენ, მაგრამ ამის უკან ფაქტები არ არის, ეს არის უბრალოდ მოსაზრება. 
როგორ ხდება „ფეიკ ნიუსების ამოცნობა მარტივად? 
უნდა დააკვირდე - თუ ვინ ავრცელებს ინფორმაციას და შემდეგ გადაამოწმო. ინტერნეტი უკიდეგანო სივრცეა. თუ ამავე ინფორმაციას იმეორებს მისი თანაპარტიელი, გასაგებია - რა ხდება, თუ სხვა წყარო იგივეს არ ადასტურებს, მაშინ ეს ინფორმაცია ყალბია. 
ჩვენ „ფეიკ ნიუსის“ ერთი მაგალითით წლების წინ ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ. ყველას გვახსოვს მოდელირებული ქრონიკა. ეს იყო კლასიკური „ფეიკ ნიუსი“. ასეთ დროს ძალიან მარტივი საშუალებაა, რომ გადაამოწმო - რა ხდება სხვა არხზე. მახსოვს, მე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავრთე და, მგონი, ის არხი ბალეტს აჩვენებდა, შემდეგ დავუკავშირდი „იმედის“ პროდიუსერს და მან მითხრა, რომ ეს მოდელირებული ქრონიკა იყო. დაეჭვება და გადამოწმება არის მთავარი. თუ ინფორმაცია საიმედოდ არ გვეჩვენება, აუცილებლად უნდა შევხედოთ თარიღს და ავტორს. 
ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა კიდევ ერთი კლასიკური ყალბი ინფორმაცია - მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ანაკლიაში შემოჰყავდა ბრიტანული კომპანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწუნა. მას დაავიწყდა, რომ ამ კომპანიაზე შეიძლება მოიძიო ინფორმაცია და გაიგო, ვინ არიან მისი წარმომადგენლები. ამგვარი გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ესენი არიან არა ბრიტანელი, არამედ ყაზახი მილიონერები, რომლებსაც კავშირები აქვთ რუს ოლიგარქებთან. ასეთი ინფორმაციები ძალიან მარტივია დასაჯერებლად და თუ არა დროული რეაგირება, სხვანაირად წინ ვერ წავალთ. 
ხშირად ვრცელდება ყალბი ფოტოებიც. მაგალითად, საქართველოში არჩევნების დროს ვრცელდებოდა ფოტო, სადაც პუტინი და გრიგოლ ვაშაძე იყვნენ ერთად. ეს გახლდათ სრული სიყალბე. საზოგადოება ამგვარი ფოტოს გადამოწმების ინსტრუმენტებსაც უნდა ფლობდეს.


„ყალბ ინფორმაციასთან“ ბრძოლის რა გამოცდილება აქვს ევროპას ან ამერიკას?

ყველა აცნობიერებს, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ყალბი ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკურ/სახელმწიფოებრივ სტაბილურობას. ამის გამო დასავლეთში დაიწყეს დაცვის მექანიზმებზე ზრუნვა. ჯერჯერობით ეს არ არის მასშტაბური. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, იქმნება სპეციალური ჯგუფები ევროკავშირში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ამერიკაში, სადაც მობილიზებული არიან ანალიტიკოსები და ფოკუსირებული არიან უკვე ეჭვმიტანილ ინტერნეტ-საიტებზე. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ Google-თან და Facebook-თან, რომ ერთობლივად მოხდეს ასეთი გვერდების დაბლოკვა. მაგალითად, თუ ისინი დაინახავენ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირიდან ხდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ამ IP მისამართს საერთოდ დაბლოკავენ. 
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ კანონი აქვს საფრანგეთს, რითაც ის ებრძვის უცხო ქვეყნიდან მანიპულაციურ ჩარევებს შიდა პოლიტიკურ ამბებში. ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ გამოხატვის თავისუფლების ძალიან მაღალი ნიშნული გვაქვს ქვეყანაში, ამ ნიშნულს ვუფრთხილდებით, მაგრამ არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომელიც, ალბათ, უნდა დავამკვიდროთ. მაგალითად, ბრიტანეთს აქვს ძალიან კარგი მექანიზმი: იქ ფუნქციონირებს მარეგულირებელი კომისია, რომელიც წვდება ყველა ტელევიზიას, როგორც კერძოს, ასევე საზოგადოებრივს. თუ მაყურებელმა გადაწყვიტა შეიტანოს საჩივარი რომელიმე არხის წინააღმდეგ, რადგან შეილახა/დაზიანდა მისი პიროვნება, ხდება სანქცირება. როგორც ჩვენთან პორნოგრაფია არ გადის ტელეარხებზე, ისე არ გადის იქ გინება და ყალბი ინფორმაცია. საკმაოდ კარგად მუშაობს საჩივრების სისტემა“, - ამბობს ანალიტიკოსი.


დგას თუ არა რუსული ძალა საქართველოში გავრცელებული „Fake News“-ების უკან?

„როგორც არაერთი კვლევიდან ჩანს, დეზინფორმაციის 90% რუსეთიდან მოდის, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს. ეს არის ე.წ. ჰაკერების და ინტერნეტ-სპეციალისტების მიერ მართული პროცესი და, ცხადია, სპეციალური ორგანოების დავალებით ისინი ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ. 
რუსული დეზინფორმაციის ძირითადი მიზანია, ხალხში გააღვივოს ასეთი აღქმა: ჩვენ კი ვართ ცუდები, მაგრამ თქვენ არანაკლებ ცუდები ხართ, რომ უკრაინა არის სლავური ქვეყანა და რუსეთისგან არასდროს არსად წასულა, მისი ხელისუფლება არ ვარგა, ავტოკეფალური ეკლესია არაფერს ნიშნავს და ა.შ. საქართველოსთან მიმართებაში რუსული პროპაგანდა არ არის ისეთი მწვავე, როგორც უკრაინასთან მიმართებაში, თუ არ გამოვრიცხავთ ივნისის მოვლენებს, როდესაც მათ წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ, რომ საქართველო წარმოეჩინათ არასტაბილურ და არეულ ქვეყნად. რუსული პროპაგანდა უფრო მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნოსტალგიის წარმოსაჩენად. ბუნებრივია, ეს მათი ჰიბრიდული ომის ნაწილია“, - აცხადებს გია აბაშიძე.


სად ვეძებოთ გამოსავალი?

„ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის რამდენიმე მექანიზმი არსებობს, რომელშიც საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული: 
პირველი - ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების გამოვლენა, დასახელება და კატალოგიზაცია; 
მეორე - მედიაწიგნიერების დონის ამაღლება, რომ საზოგადოება ფლობდეს ე.წ. „ფეიკის“ ამოცნობის ტექნიკას; 
მესამე - მყისიერი რეაგირება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე - მისი გაბათილება. 
ჩვენ ვაწყდებით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რასაც ჰქვია კრიტიკული აზროვნება - არ შეიძლება მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც ვხედავთ და ვკითხულობთ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება და ეს უნდა მოდიოდეს როგორც სკოლიდან, ისე უმაღლესი სასწავლებლებიდან. ამ ყველაფერზე ერთობლივად უნდა იზრუნონ ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ. სხვანაირად ამ ვირუსის გავრცელებას ვერ შევაჩერებთ.
მედიასაშუალებებში ძირითადად დომინირებენ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები. ნაკლებად ჩანან სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც მეცნიერული ანალიზი უნდა მოგვცენ ამა თუ იმ მოვლენაზე. სამწუხაროა, რომ „NDI“-ის კვლევები ერთადერთია, რომელიც განწყობებს იკვლევს. სხვები სად არიან? არ შეიძლება იყოს ერთი სოციოლოგიური კვლევის კომპანია, რომელიც მიკერძოებულია. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მრავალფეროვანია გარემო, მით უფრო მარტივია არჩევანი. 
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამჯერად რაიმე მექანიზმი სიყალბისგან დასაცავად, გეტყვით, რომ ჩვენთან ფუნქციონირებს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები პრემიერ-მინისტრის აპარატში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში. ამ კუთხით, ასევე, მუშაობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ე.წ. „მედიაჩეკერი“, რომლებიც ყურადღებას აქცევენ - თუ როგორ ვრცელდება რუსული იდეოლოგია ქართულ რეალობაში. თუმცა, სამწუხაროდ, არასამთავრობოების ის ნაწილი, რომელიც რუსულ პროპაგანდაზე ახორციელებს მონიტორინგს, ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს ქართული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. ვისურვებდი, რომ არასამთავრობო სექტორმა გაშალოს მონიტორინგის არეალი და მყისიერი რეაგირება მოხდეს ყველა ყალბ ამბავზე“, - ამბობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელთან საუბარიც სწორედ პრობლემიდან გამოსავლის ერთად მოძებნის მიზნით დავიწყეთ.

მაია ტორაძე

თარიღი: 22/10/2019