საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ოლიმპიადაში გამარჯვებულები

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა გიორგი ჯანჯალაშვილმა და ივიკო ხავთასმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ოლიმპიადაში - „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ - გაიმარჯვეს. ოლიმპიადა ყოველწლიურია და მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი მართავს. 2019 წლის ფინალური ეტაპი 8 დეკემბერს გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის (თსუ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული სტუდენტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სამართლის დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწიათ მრავალი სტატიის, სასამართლო გადაწყვეტილების წაკითხვა, გააზრება და გამოყენება, რამაც დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შესძინათ.
„ამ პროექტმა მოგვცა არნახულად დიდი გამოცდილება, შეგვძინა ისეთი საპროცესო უნარები, რომლებიც შეუძლებელია აუდიტორიაში სალექციო-სასემინარო პროცესის ფარგლებში შეიძინო. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე შესარჩევი ეტაპის შემდგომ კონკურენტუნარიანი და ძლიერი მეტოქეები გვყავდა ყველა ეტაპზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გიორგი ჯანჯალაშვილმა. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ოლიმპიადის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციებშიც მოიპოვეს წარმატება: გიორგი ჯანჯალაშვილი საუკეთესო მოპასუხედ დასახელდა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრიზიორი გახდა, ივიკო ხავთასი კი იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა თავის ფავორიტად დაასახელა. 
უახლოეს მომავალში გამარჯვებული სტუდენტები სტაჟირების გავლას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავენ. გიორგი ჯანჯალაშვილი სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აპირებს, ივიკო ხავთასი - სამართლისა და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე.
ოლიმპიადა - „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ - სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

თარიღი: 22/02/2020