საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად თსუ–ის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ჯაბა სამუშია დაინიშნა. ფონდის ახალი დირექტორი მუშაობას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა.

 

რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს ქართველ მეცნიერთა კიდევ უფრო მჭიდრო დაახლოებას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან?  ჯაბა სამუშია გვესაუბრება:

 

— ბატონო ჯაბა, რა პრიორიტეტები იკვეთება ფონდის მომავალი წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით (დაფინანსება, სამეცნიერო მიმართულება)?

 

— სამომავლოდ ფონდის  წარმატებული  საქმიანობისა  და  მეცნიერების განვითარებისათვის მნიშნელოვანია საგრანტო დაფინანსების სქემების მრავალფეროვნება. ვგეგმავთ, რომ დაფინანსების ორი ხაზი, ე.წ. 2 ვექტორი, განვავითაროთ: ა) ,,აღმავალი" ვექტორი ე.წ. bottom-up, როდესაც ფინანსდება სამეცნიერო საზოგადოებიდან წამოსული იდეები. ეს იქნება ფუნდამენტური, გამოყენებითი, პოსტ-დოქტორების, დოქტორანტების, მაგისტრანტების კვლევები; და ბ) ,,დაღმავალი" ვექტორი ე.წ. top-down, როდესაც ფინანსდება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იდეები. აქ იგულისხმება სახელმწიფო გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული  მეცნიერული კვლევები. მომავალი წლებისთვის ასეთ გამოწვევებზე ორიენტირებული საგრანტო კონკურსები იქნება: ოკუპირებული ტერიტორიების, საზღვრისპირა ტერიტორიების თემატიკა, ასევე ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კვლევები, STEM მიმართულების კვლევები. ასევე, იგეგმება ქართველოლოგიის დამატება სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორში.

 

— რა იგეგმება ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევების დაფინანსების კუთხით?

 

— ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მომავალ წელს განახლდება ტრადიციული საგრანტო კონკურსები: პოსტდოქტორების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ინდივიდუალური კველევითი გრანტები. ასევე იგეგმება ფუნდამენტური კვლევების კონკურსში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობის კომპონენტის გაუმჯობესება, კერძოდ, ფინანსურად წახალისდება გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრებით დაკომპლექტებული გუნდები.

 

რა შეგიძლიათ თქვათ ფონდის საერთაშორისო კავშირებისა და უცხოური ფონდების გამოცდილების გაზიარების თაობაზე?

 

— რუსთაველის ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც ახორციელებს როგორც ერთობლივი კვლევითი პროექტების დაფინანსებას, ასევე საქართველოს მკვლევართა მობილობის ხელშეწყობას, მათ შორის, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით.

 

ფონდის ორმხრივი საერთაშორისო პროგრამებია: ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი;  ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის;   საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და  ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი; ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა;  ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამა:  ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი; ფონდისა და  DAAD-ის   ერთობლივი საგრანტო პროგრამა. სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობა ითვალისწინებს ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი სამეცნიერო სტაჟირების პროგრამას, ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს.

 

ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და სხვა ქვეყნების სამეცნიერო ფონდებთან, ცენტრებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს. მიმდინარეობს და იგეგმება შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ქვეყანაში სამეცნიერო პრიორიტეტების ჩამოყალიბების საკითხებზე. პროექტ ტვინინგის (,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“) ფარგლებში, რომლის  მე-3 კომპონენტი ითვალისწინებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას,  ბოლო ორი თვის განმავლობაში ფონდს  აქტიური თანამშრომლობა აქვს  გერმანიისა და ავსტრიის ფონდების წარმომადგენლებთან, რომელთაგან იღებს რეკომენდაციებს მარეგულირებელი დოკუმენტების, ფონდისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მოდულის შექმნისა და, ასევე, პროექტების წერის მიმართულებით.

 

— რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში?

 

— ვფიქრობთ, ფონდის საქმიანობაში ცვლილებები შევიტანოთ, რაც კვლევების ხარისხზეც დადებითად აისახება. ასევე გავაძლიეროთ მეცნიერების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება ცვლილებების განხორციელებისას, რაც, საბოლოოდ,  ფონდის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პირველად გამოცხადდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი მიზნობრივი კონკურსები — საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი და, ასევე,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

.

წელს კი ამ კონკურსებს დაემატება კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების უმნიშვნელოვანესი,  აქტუალური თემატიკის პროექტების განხორციელებას მიზნობრივად შევუწყოთ ხელი.

 

მოამზადა მაია ტორაძემ

თარიღი: 11/10/2020